COVID-19 - ბოლო ცნობები

ლარსზე ჩარჩენილი სომხეთის მოქალაქეები სამშობლოში ავტობუსებით გაემგზავრნენ

სომხეთის 38 მოქალაქე 12 მაისიდან „ლარსის“ საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე რუსული მხრიდან იმყოფებოდნენ: ადამიანები ითხოვდნენ სამშობლოში გამგზავრებას სახმელეთო გზით, რადგან ავიაბილეთის შესაძენად თანხა არ ჰქონდათ
Sputnik

თბილისი, 28 მაისი – Sputnik. „ზემო ლარსის“ საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე რუსული მხრიდან ჩარჩენილი სომხეთის მოქალაქეები და დონის როსტოვში მდებარე სომხეთის გენერალურ საკონსულოში რეგისტრირებული 70 მოქალაქე სამშობლოში გაემგზავრა. ამის შესახებ იუწყება Sputnik-სომხეთი დონის როსტოვში სომხეთის გენერალურ საკონსულოს პრესსამსახურზე დაყრდნობით.

საქართველოს საგარეო უწყებამ სომხეთს პირველი რესპუბლიკის დღე მიულოცა

გავრცელებული ინფორმაციით, სომხეთის 38 მოქალაქე 12 მაისიდან „ლარსის“ საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე რუსული მხრიდან იმყოფებოდნენ: ადამიანები ითხოვდნენ სამშობლოში გამგზავრებას სახმელეთო გზით, რადგან ავიაბილეთის შესაძენად თანხა არ ჰქონდათ. ამ პერიოდის განმავლობაში მათ სურსათით და გასათევით ეხმარებოდნენ როგორც რუსი მესაზღვრეები, ისე ადგილობრივი სომხები.

სომხეთის რესპუბლიკის მოქალაქეების გადაყვანა განხორციელდა 28 მაისს, სომხეთის მთავრობის მიერ გამოგზავნილი სამი ავტობუსით.

„აღვნიშნავთ, რომ სომხეთის მოქალაქეების გადაყვანა საგამონაკლისო წესით განხორციელდა. შეგახსენებთ, რომ საქართველოში უცხოეთ ქვეყნების მოქალაქეების შესვლა, მათ შორის „ზემო ლარსის“ საკონტროლო პუნქტის გავლით, კვლავ აკრძალულია“, - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით საქართველოში მარტიდან უცხოელების შემოსვლა აკრძალულია. აკრძალვა არ ვრცელდება სატვირთო გადაზიდვებზე. „ყაზბეგი“ – „ზემო ლარსის“ სასაზღვრო გადასასვლელი - ერთადერთი მოქმედი სახმელეთო გზაა, რომელიც სომხეთს და რუსეთს აკავშირებს.