ასობით მილიონი ლარი მშენებლობის დასახმარებლად: საქართველოს ხელისუფლების ახალი გეგმა

დეველოპერული სექტორის დასახმარებლად, რომელიც კორონავირუსის პანდემიის გამო სერიოზულად დაზარალდა, საქართველოს ხელისუფლება 434 მილიონ ლარს გამოყოფს
Sputnik

კორონავირუსის პანდემიის ფონზე სამშენებლო სფერო დიდ ზარალს განიცდის - გაძვირდა სამშენებლო მასალები, ხოლო მოქალაქეთა გადახდისუნარიანობა შემცირდა. მსხვილი სამშენებლო კომპანიები თანამშრომლების შტატის შეკვეცაზე ფიქრობენ.

სექტორის და მასში დასაქმებული მოქალაქეების დასახმარებლად ხელისუფლებამ ანტიკრიზისული გეგმა შეიმუშავა.

საბანკო რეგულაციები მარტივდება – რა იცვლება სესხის აღების მსურველებისთვის >>

ეროვნულ ბანკთან კონსულტაციების შედეგად ხელისუფლებამ დეველოპერულ სექტორში 4 ძირითადი გამოწვევა განსაზღვრა: გაყიდვების მოცულობების შემცირება, მშენებლობის დასრულების რისკების გაზრდა, რაც ყველა კრიზისისთვის არის დამახასიათებელი, მესამე არის ფასების მერყეობა და მეოთხე - სამშენებლო კომპანიებისთვის ფინანსების ხელმისაწვდომობა.

გეგმის მიხედვით, მთავრობა იპოთეკაზე საპროცენტო განაკვეთის სუბსიდირებაზე 70 მილიონ ლარს გამოყოფს; იპოთეკური კრედიტების პორტფელზე სახელმწიფო გარანტიებისთვის  - 14 მილიონ ლარს; 150 მილიონ ლარს - დევნილების ბინებით უზრუნველსაყოფად; 200 მილიონ ლარს - საცხოვრებელი მშენებლობების დასრულებისთვის სახელმწიფო გარანტიების პროგრამაზე.

იპოთეკური კრედიტების სუბსიდირება

გაყიდვების შემცირების პრობლემის გადასაჭრელად ხელისუფლებამ მოქალაქეებისთვის ბინების შეძენის პროცესის გამარტივება გადაწყვიტა. 2020 წლის ბოლომდე საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების და ბინების შეძენის მსურველთათვის მთავრობა იპოთეკურ სესხებზე საპროცენტო განაკვეთს დაასუბსიდირებს. 4%-იანი სუბსიდია 5 წლის განმავლობაში 200 ათას ლარამდე მოცულობის ყველა სასესხო შეთანხმებაზე გავრცელდება.

კორონავირუსი უძრავი ქონების ბაზარს ურტყამს: რა ელის სფეროს?

„ეს ნიშნავს, რომ დაახლოებით საპროცენტო განაკვეთი იპოთეკურ სესხზე ლარში შემცირდება 7%-მდე და ეს არის ისტორიული მინიმუმი. არასოდეს ლარში აღებულ სესხებზე მსგავსად დაბალი საპროცენტო განაკვეთი არ ყოფილა“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა ეკონომიკურ საკითხებში ბექა ლილუაშვილმა დეველოპერული სექტორის მხარდაჭერის ანტიკრიზისული გეგმის პრეზენტაციაზე.

გარდა ამისა, სესხების დასაფარად წინსწრებით შენატანების და საპროცენტო განაკვეთის ზრდის პრევენციისთვის, მთავრობა 2020 წლის ბოლომდე აღებული ყველა სესხის 20%-ის გარანტიას საკუთარ თავზე აიღებს. გარანტია გავრცელდება სესხებზე, სადაც პირველადი შენატანის მოცულობა იქნება არანაკლებ 10 პროცენტისა.

დეველოპერების დასახმარებლად შემუშავებული ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში, დევნილებისთვის ბინების გადაცემის პროცესი დაჩქარდება. მთავრობა წლის ბოლომდე აუქციონზე 150 მილიონი ლარის ღირებულების დაახლოებით 1800 ბინის შეძენას გეგმავს.

ამგვარად, იძულებით გადაადგილებული დაახლოებით 1800 ოჯახი დაგეგმილზე სამი წლით ადრე საცხოვრებელ ბინებს მიიღებს.

ხელისუფლება ასევე მშენებლობის დასრულების რისკებს დაფარავს. გარანტიების გაცემის პროგრამის განსახორციელებლად ბიუჯეტიდან 200 მილიონი ლარი გამოიყოფა. იმ შემთხვევაში, თუ მშენებლები პროექტით გათვალისწინებული ბინების 30%-ს ვერ გაყიდიან, მათ მთავრობა დევნილების დასაკმაყოფილებლად შეიძენს.

„ეს არის ის გარანტია, რომელიც ერთი მხრივ, ჩვენ მოქალაქეებს საშუალებას აძლევს, რომ მათ შეუფერხებლად განახორციელონ მუშაობა და მეორე მხრივ, სექტორს იმის გარანტიას აძლევს, რომ ის ნებისმიერ შემთხვევაში მოახდენს საპროექტო პროცესში სამშენებლო ფართების 30%-ის რეალიზაციას სახელმწიფოზე და შესაბამისად მას უადვილდება ფინანსურ რესურსებზე წვდომა“, - განაცხადა ლილუაშვილმა.

დაუმთავრებელი მშენებლობების პრობლემის გადაჭრა თბილისში

თბილისის მერია განაგრძობს დახმარების გაწევას 2013 წლამდე დაუმთავრებელი მშენებლობების დასრულების კუთხით. ამჟამად მერია განიხილავს 30 განაცხადს, რომელთა დაკმაყოფილების შემდეგ ბინებს მიიღებს დაახლოებით 4 000 ადამიანი, რომელიც დაუმთავრებელი მშენებლობის შედეგად დაზარალდა.

9 მილიონის გრანტები სოფლად ბიზნესის განვითარებისთვის – როგორ მოვიპოვოთ >>

„გადავწყვიტეთ, რომ ამ დროებითი ღონისძიებების სარგებლობისთვის განაცხადის შეტანის ვადა გახანგრძლივდეს ერთი წლის განმავლობაში და მეორე ჩვენ, ვმუშაობთ იმისთვის, რომ ეს პროგრამა გაგრძელდეს არამხოლოდ თბილისის მუნიციპალიტეტის ფარგლებში, არამედ საქართველოს მთელ ტერიტორიაზე და ამისთვის პარლამენტის მხარდაჭერა იქნება აუცილებელი, იმიტომ, რომ ეს ინიციატივა მოითხოვს საკანონმდებლო ცვლილებებს“, - განაცხადა ბექა ლილუაშვილმა.

სიახლე დეველოპერებისათვის

დეველოპერული კომპანიების საქმიანობაში Escrow-ანგარიშების გამოყენება იგეგმება. 2020-2021 წლებიდან ამ საბანკო ანგარიშის გამოყენება სავალდებულო გახდება, გარკვეული პირობების გათვალისწინებით.

ფასები უძრავ ქონებაზე თბილისში

„ამ Escrow-ანგარიშის მიხედვით, მსესხებლის მიერ გადახდილი თანხები გროვდება ამ ანგარიშზე და მშენებელს მხოლოდ სამშენებლო პროცესის პარალელურად ან დასრულების შემდეგ შეუძლია ამ ანგარიშის გამოყენება. ეს არის სისტემური ნაბიჯი, რომელიც გამოყენებულია მრავალ ევროპულ განვითარებულ ქვეყანაში და არის იმისი წინაპირობა, რომ შევქმნით სტანდარტს, რომელიც გააჯანსაღებს სექტორს“, - აღნიშნა ლილუაშვილმა.

მისი თქმით, სიახლე შეეხება მხოლოდ გარკვეული კატეგორიის კომპანიებს გაყიდვების მოცულობიდან გამომდინარე, ხოლო რეფორმა ეტაპობრივად განხორციელდება.

საქართველოს მშპ-ში სამშენებლო სექტორის წილი დაახლოებით 9%-ს შეადგენს, ხოლო მასში დასაქმებული მოქალაქეების რაოდენობა - თითქმის 120 ათასს. ამდენივეა დასაქმებული სამშენებლო სექტორთან დაკავშირებულ სფეროებში. ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებით, სექტორის გაჯანსაღება და კრიზისიდან გამოყვანა პოსტკრიზისულ პერიოდში ქვეყნის ეკონომიკის განვითარებისთვის უმნიშვნელოვანეს წინაპირობას წარმოადგენს.