თბილისის ტელეანძა აზერბაიჯანის დროშის ფერებში განათდება

აზერბაიჯანი დღეს დემოკრატიული რესპუბლიკის შექმნის 102-ე წლისთავს აღნიშნავს, რომლის შესახებ დეკლარაციასაც 1918 წლის 28 მაისს თბილისში მოეწერა ხელი.
Sputnik

თბილისი, 28 მაისი — Sputnik. აზერბაიჯანის დემოკრატიული რესპუბლიკის შექმნის 102-ე წლისთავთან დაკავშირებით თბილისის ტელეანძა დღეს, საღამოს აზერბაიჯანის დროშის ფერებით განათდება.

როგორც „პირველი არხი“ იუწყება, აზერბაიჯანის ელჩმა საქართველოში დურსუნ ჰასანოვმა, საელჩოს თანამშრომლებმა, კომპანია „სოკარ ენერჯი ჯორჯიას“ (SOCAR Energy Georgia) გენერალურმა დირექტორმა მაჰირ მამედოვმა, აზერბაიჯანელ ბიზნესმენთა კავშირის (AZEBI) წევრებმა და სხვა პირებმა ჰეიდარ ალიევის სახელობის პარკში ეროვნული ლიდერის ბიუსტი მოინახულეს და ყვავილებით შეამკეს.

საქართველომ აზერბაიჯანს სოლიდარობა გამოუცხადა

ისინი ასევე ეწვივნენ თბილისის ბოტანიკურ ბაღში აზერბაიჯანელ საზოგადო მოღვაწეთა პანთეონს და ყვავილებით შეამკეს აზერბაიჯანის დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებლების ფატალი ხან ხოსკისა და ჰასან ბეი აგაევის საფლავები.

რესპუბლიკის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში აზერბაიჯანის საელჩოს შენობის წინ დამონტაჟებულ სპეციალურ ელექტრონულ დაფაზე აზერბაიჯანისადმი მიძღვნილი ვიდეორგოლი წარმოადგინეს. ამას გარდა, დღის განმავლობაში ეკრანზე გავა 15-წუთიანი ვიდეორგოლი ქვეყნის განვითარების ისტორიის შესახებ.

აზერბაიჯანი დემოკრატიული რესპუბლიკის ეროვნულმა საბჭომ ქვეყნის დამოუკიდებლობა 1918 წლის 28 მაისს გამოაცხადა.

ეს იყო პირველი სეკულარული დემოკრატიული რესპუბლიკა მუსულმანურ აღმოსავლეთში.

დეკლარაციას დამოუკიდებლობის შესახებ თბილისში მოეწერა ხელი.