თურნავა: საქართველოს მოლაპარაკებები ბუნებრივი აირის მომწოდებლებთან წარმატებულია

ეკონომიკის მინისტრის თქმით, ამ პროცესს ხელს უწყობს ორი ფაქტორი – მსოფლიოში ბუნებრივ აირზე ფასის კლება და კონკურენტული ბაზრის პირობებში მომწოდებლებთან წარმატებული მოლაპარაკებები.
Sputnik

თბილისი, 28 მაისი — Sputnik. ქართული მხარის მოლაპარაკებები ბუნებრივი აირის ყველა მომწოდებელთან, მათ შორის, „გაზპრომთანაც“ არის წარმატებული, განაცხადა საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ ჟურნალისტებთან.

ადრე გავრცელებული ინფორმაციით, საქართველომ ბუნებრივი აირის შესყიდვის ფასის შემცირების მიზნით „გაზპრომთან“ შეთანხმებას გადახედა.

თურნავამ აღნიშნა, რომ „გაზპრომთან“ კონტრაქტი არ არის ახალი და მას ხელი გასულ წელს მოეწერა – მიმდინარე წლის ბოლომდე ვადით. 

თურნავა: საქართველო „გაზპრომს“ გაზის ახალ ფასზე შეუთანხმდა

„კონტრაქტში კიდევ ერთი დაზუსტება შევიდა, რაც ემსახურება უფრო მეტად კონკურენტული გარემოს შექმნას საქართველოში. მიუხედავად იმისა, რომ იგი კომერციული საიდუმლოებაა და ჩვენ კონკრეტულად ვერ ვისაუბრებთ ფასებსა და დეტალებზე, თქვენ შეგიძლიათ დაინახოთ, რომ ქართულ ბაზარზე ბუნებრივ აირზე საბითუმო ფასები იკლებს“, – განაცხადა თურნავამ.

მისი თქმით, ფასების კლება ვრცელდება როგორც გაზგამანაწილებელ სადგურებზე, ისე საწარმოებზე.

„აქედან გამომდინარე, ეს არის სრულიად მისაღები, კომფორტული და კონკურენტული პირობები და თითოეული შემდგომი დაზუსტება ემსახურება პირობების გაუმჯობესებას“, – განაცხადა მინისტრმა.

მინისტრის თქმით, ბაზარზე ფასების კლება კონკურენციის შედეგია.

„ფასები ბაზარზე, თქვენ თუ ატყობთ, იკლებს. ეს არის კონკურენციის შედეგი. ეს არის ჩვენსა და „გაზპრომს“ შორის დადებული შეთანხმების შედეგი. გარდა ამისა, ეს აზერბაიჯანული გაზის კლების ტენდენციაცაა. ისეთ რთულ რესურსშიც კი, რომელიც ჩვენთან პრაქტიკულად არ მოიპოვება – ნავთობი და ბუნებრივი აირი, კონკურენტული ვითარების წყალობით ჩვენ ფასების შემცირებას ვიწყებთ“, – აღნიშნა თურნავამ. 

„გაზპრომმა“ საქართველოსთან შეთანხმება დაადასტურა

მინისტრის თქმით, ამ პროცესს ხელს უწყობს ორი ფაქტორი – მსოფლიოში ბუნებრივ აირზე ფასის კლება და კონკურენტული ბაზრის პირობებში მომწოდებლებთან წარმატებული მოლაპარაკებები.

ქართულმა მხარემ რუსულ კომპანია „გაზპრომთან“ საქართველოს ტერიტორიის გავლით სომხეთში გაზის მიწოდების თაობაზე შეთანხმებას 2019 წლის მარტში მოაწერა ხელი. ამჟამად მხარეებს შორის ტრანზიტთან დაკავშირებული ანგარიშსწორება მთლიანად მონეტიზებულია განსხვავებით წინა წლებისგან, როდესაც საქართველო გატარებული გაზის 10%-ს ნატურით იღებდა. ახალი შეთანხმებით ტრანზიტის ღირებულება გაიზარდა, ხოლო შესყიდვის ფასი, თუ საქართველოს შესყიდვა დასჭირდება, შემცირდა.

ბუნებრივი აირის ბალანსის თანახმად, საქართველოში 2020 წელს გაზის მოხმარება ნავარაუდევია 2,5 მილიარდი კუბომეტრის დონეზე. აქედან რუსეთიდან შემოვა 170 მლნ კუბომეტრი. დანარჩენის შემოტანა აზერბაიჯანიდან იგეგმება.