საქართველო წლის დასაწყისიდან კორონავირუსის პანდემიის პირობებში ცხოვრობს. COVID-19-ის პირველი შემთხვევა ქვეყანაში 26 თებერვალს გამოვლინდა. დღევანდელი მონაცემებით, ქვეყანაში ინფიცირებულთა რაოდენობამ 735-ს მიაღწია, რომელთაგან 557 გამოჯანმრთელდა, 12 კი გარდაიცვალა. დაავადების პიკი აპრილის ბოლოს დაფიქსირდა.
გახარია: საქართველო ინფექციის გავრცელების ახალი ტალღისთვის მზად უნდა იყოს >>
საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი საქართველოში 21 მარტიდან 23 მაისამდე მოქმედებდა, თუმცა ზოგიერთი შეზღუდვა 15 ივლისამდე გაგრძელდება.
რატომ გამოცხადდა საგანგებო მდგომარეობა?
საქართველოს ხელისუფლება იძულებული იყო მკაცრი შეზღუდვები დაეწესებინა, რათა არ დაეშვა მოქალაქეთა მასობრივი დაინფიცირება, აღნიშნა პრემიერმა.
„დღეს საქართველოში 297 სტაციონარია 17 514 საწოლით, თუ არ ჩავთვლით სპეციალური დანიშნულების სტაციონარებს, რჩება დაახლოებით 10 ათასი საწოლი, ამასთან აქედან 2 290 საწოლი არის ინტენსიური თერაპიის, აქედან ხელოვნური სუნთქვის აპარატით - 1 749 საწოლი. გარდა ამისა, ჩვენ ქვეყანაში გვყავს 448 რეანიმატოლოგი, რომელთაც ერთდროულად შეუძლიათ მოემსახურონ მხოლოდ 1 200 პაციენტს, ინფექციონისტი საქართველოში 256-ია, რომელთაც დღეში 853 პაციენტის მომსახურება შეუძლიათ“, - აღნიშნა გახარიამ.
პრემიერის თქმით, ოთხ თვეში ჯანდაცვის სისტემა სერიოზულად გაიზარდა.
„თუ შევადარებთ, რა მდგომარეობაში იყო ჯანდაცვის სისტემა იანვარში, როდესაც ეპიდემიის პირველი რისკები გამოჩნდა, და რა მდგომარეობაშია დღეს - ეს ცა და დედამიწაა. დღეს ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჯანდაცვის სისტემას შეუძლია რამდენიმე ასეული ინფიცირებულის მართვა“, - განაცხადა გახარიამ.
საგანგებო მდგომარეობის შედეგები და მოსახლეობის დახმარება
პრემიერ-მინისტრის სიტყვებით, კორონავირუსმა ქვეყანას სერიოზული ზიანი მიაყენა.
„ეს არ არის კრიზისი საქართველოში, ეს არ არის კრიზისი რეგიონში, ესაა გლობალური კრიზისი და ის არ დასრულებულა... არავინ იცის, როდის დასრულდება“, - განაცხადა გახარიამ.
ამავდროულად პრემიერმა აღნიშნა, რომ მოსახლეობის დახმარება პირდაპირაა დამოკიდებული ეკონომიკაზე და ქვეყნის ბიუჯეტზე.
„საქართველო ვერ გამოყოფს დამატებით სახსრებს დახმარებისთვის, თუ ის არ იქნება დაბალანსებული და ეს დაბალანსებული ბიუჯეტი არ იქნება შეთანხმებული ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან, დონორებთან და საერთაშორისო სავალუტო ფონდთან. შემიძლია ვთქვა, რომ ყოველ ოჯახს უნდა გამოვუყოთ 10-10 ათასი ლარი, მაგრამ დახმარებას უნდა ჰქონდეს არგუმენტაცია. შესაბამისად, ჩვენ გამოვაცხადეთ დახმარების შესახებ მას შემდეგ, რაც ყველაფერი დავთვალეთ, გავიაზრეთ და ვიცოდით, საით მივდიოდით“, - განაცხადა გახარიამ.
ამასთან მან აღნიშნა, რომ დახმარება მინიმალურია, მაგრამ ხელისუფლება ორიენტირებული უნდა იყოს მომავალზე.
„ეს არის ჩვენი სოციალური დახმარება მოქალაქეებისთვის და სავსებით გააზრებულად არის განაწილებული ექვს თვეზე. მესმის, რომ ეს არასაკმარისია, მაგრამ ესაა მინიმუმი, რათა მათ ჰქონდეთ დახმარება ყოველდღიურ ცხოვრებაში“, - განაცხადა გახარიამ.
ყველაფერი კონტროლს ექვემდებარება
პრემიერ-მინისტრის თქმით, დღესდღეობით კორონავირუსი ქვეყანაში მთლიანად კონტროლდება.
„დღეს ოფიციალურად შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ ახალი ქეისები (დაავადების შემთხვევები, - რედ.) ფიქსირდება საქართველოს მთავრობის მიერ კონტროლირებად ზონებში - ესაა საკარანტინო ზონები, ცნობილი კლასტერები, შესაბამისად, შეიძლება ითქვას, რომ ეპიდემიის გავრცელება და მისი სისწრაფე მთლიანად კონტროლდება“, - აღნიშნა გახარიამ.
პრემიერმა აქვე დასძინა, რომ საქართველოში სიკვდილიანობის მაჩვენებელი ევროპაში ყველაზე დაბალია - 0,3% 100 ათას ადამიანზე.
„ქვეყანაში ინფექციის განვითარების მიხედვით 143-ე ადგილზე ვართ. ეს სიამაყის საფუძველი არ არის და არც მხოლოდ მთავრობის დამსახურებაა, არამედ ბიზნესისა და საზოგადოებისა, პირველ რიგში. მაგრამ ეს გვაძლევს შესაძლებლობას, ვაკონტროლოთ პანდემია და თანდათანობით გავხსნათ ეკონომიკა“, - აღნიშნა გახარიამ.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, კრიზისი - ეს არის შანსი თითოეულისთვის საქართველოში.
„დარწმუნებული ვარ, რომ სახელმწიფო, მოქალაქეები, ბიზნესი, კომპანიები შეძლებენ ამ კრიზისის, როგორც შესაძლებლობის გამოყენებას. სინამდვილეში ჩვენ შეგვიძლია გამოვიყენოთ მენეჯმენტის სწრაფი და პროაქტიური ნაბიჯები, რომლებიც გადავდგით“, - აღნიშნა გახარიამ.
მისი თქმით, საქართველომ ზაფხულში უნდა გააძლიეროს მედიცინის სფერო, გააფართოოს ლაბორატორიების ქსელი, გააძლიეროს სამშენებლო და ფინანსური სექტორი.