ფოთში სატვირთო ავტომობილების მძღოლები თვითიზოლაციის რეჟიმის მოხსნას ითხოვენ

ფოთში ტირ–პარკი 17 აპრილიდან ფუნქციონირებს – ამ დროისათვის ტერიტორიაზე თვითიზოლაციის რეჟიმში 168 მძღოლი იმყოფება.
Sputnik

თბილისი, 27 მაისი – Sputnik. ფოთში, ყოფილი აეროდრომის ტერიტორიაზე ქართული გადამზიდავი კომპანიებისთვის მოწყობილ ტირ-პარკში მყოფი სატვირთოს მძღოლები თვითიზოლაციის რეჟიმის მოხსნას მოითხოვენ, იუწყება „Sputnik– საქართველოს“ კორესპონდენტი. 

სამი კვირა შეზღუდვების მოხსნიდან – რას ელოდებიან ქართველი ეპიდემიოლოგები

საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრის განცხადებით, დღეს 223 მძღოლის ბიოლოგიური მასალა PCR კვლევისთვის გაიგზავნა და პასუხების მიღებისთანავე მძღოლები ტერიტორიის დატოვებას შეძლებენ.

ფოთში ტირ–პარკი 17 აპრილიდან ფუნქციონირებს. ამ დროისათვის ტერიტორიაზე თვითიზოლაციის რეჟიმში 168 მძღოლი იმყოფება.

„საერთაშორისო გადაზიდვები ერთ-ერთ სარისკო საქმიანობად ითვლება. მძღოლები, ახალი წესების თანახმად, აუცილებლად უნდა შემოწმდნენ. იმისათვის, რომ ახალ რეგულაციებზე გადავიდეთ, საჭიროა საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი ყველა მძღოლის ტესტირება. დღეს PCR–ტექნოლოგიით ტესტირება 223 მძღოლს ჩაუტარდა“, – განაცხადა ფოთის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრის ხელმძღვანელმა ნანა მხეიძემ.

მისი სიტყვებით, პასუხების მიღების შემდეგ მძღოლები საკუთარ სახლებში დაბრუნდებიან, სადაც მათ ადგილობრივი საზოგადოებრივი ცენტრები გააკონტროლებენ.

„ახლა ისინი სათანადოდ არ იქცევიან, მაგრამ, იმედია, ყველას ტესტის პასუხი იქნება უარყოფითი“, – განაცხადა მხეიძემ.

საქართველოში კორონავირუსის გამოვლენის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა. 21 მარტს ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა, რომელიც 23 მაისამდე გაგრძელდა. ამ ეტაპზე საქართველოში შეზღუდვების ეტაპობრივი მოხსნის პროცესი მიმდინარეობს.

ნიკა ლატარია