საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2020 წლის აპრილში ქართულ კომერციულ ბანკებში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობა, წინა წელთან შედარებით, 42,3%-ით შემცირდა და დაახლოებით 79,1 მლნ დოლარი შეადგინა.
როგორც არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისი კველევებისა და პროგნოზირების ცენტრის“ ვიცე-პრეზიდენტი ნიკა შენგელია აღნიშნავს, აპრილის თვეში რომ ემიგრანტების მიერ განხორციელებული ტრანზაქციების მოცულობა 40-45%-ით დაეცემოდა, სპეციალისტები ამაზე ჯერ კიდევ მარტის თვეში საუბრობდნენ და ამ მხრივ არც შემდეგი თვეების პროგნოზია კეთილსაიმედო.
„ფულადი გადმორიცხვების კლებას მაისის თვეშიც ველოდებით, ვვარაუდობთ, რომ ემიგრანტების მხრიდან ტრანზაქციების მოცულობა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 45-50%-ით იქნება შემცირებული, ხოლო წლიურ ჭრილში ეს მაჩვენებელი 38-47%-ის ფარგლებში იქნება“, – განაცხადა ნიკა შენგელიამ „Sputnik- საქართველოსთან“ საუბრისას.
ფულადი გზავნილების მოცულობის შემცირება, რა თქმა უნდა, მსოფლიო ფინანსურ კრიზისს უკავშირდება, რომელსაც კორონავირუსის პანდემიის გამო ქვეყნების ეკონომიკების რეცესია მოჰყვა.
„ექნება თუ არა გავლენა ამას ლარის კურსზე? ვიტყოდი რომ არა. იმიტომ რომ ეროვნული ბანკი აქტიურად ახორციელებს ბაზარზე სავალუტო ინტერვენციებს, რადგან რეგულატორს კარგად ესმის, რომ დღევანდელ სიტუაციაში ლარის კურსის გაუფასურება 3,3 ნიშნულზე მეტად პროდუქტებსა და სხვა საქონელზე ფასების 8-15%-ით მატებას გამოიწვევს, ეს კი ინფლაციის 3%-იანი მიზნობრივი მაჩვენებლის პირობებში მოსახლეობის ჯიბეზე ნეგატიურად აისახება“, – აღნიშნა ნიკა შენგელიამ.
აქედან გამომდინარე, ეკონომისტის პროგნოზით, ლარის კურსი დოლარის მიმართ მაისის თვეში 3,30-ის ფარგლებში იქნება. ეს ნიშნული ეროვნულმა ვალუტამ შეიძლება წლის ბოლომდეც კი შეინარჩუნოს.
„თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ რეგულატორმა მარტის შემდგომი პერიოდიდან დღემდე ლარის კურსის გაუფასურების შესაჩერებლად რეზერვებიდან 120 მილიონი დოლარი გახარჯა, და იმასაც, რომ საერთაშორისო დახმარებებიც ნელ-ნელა შემოდის, რეგულატორის სწორი მოქმედების შედეგად სრულებით არის შესაძლებელი წლის ბოლოსთვის ლარის კურსის 3,0 ნიშნულიან მაჩვენებელთან მიახლოებაც კი“, – აღნიშნა ნიკა შენგელიამ.
ეროვნული ბანკმა უკვე განაცხადა, რომ უწყება მიმდინარე წელს სავალუტო ინტერვენციებს უფრო აქტიურად განახორციელებს. მათი მიზანი სავალუტო ბაზარზე ჭარბი მერყეობის შემცირება და ერთჯერადი მსხვილი ტრანზაქციების შედეგად ბაზრის მოლოდინებზე შესაძლო უარყოფითი გავლენის თავიდან არიდებაა.
გარდა ამისა, ეროვნული ბანკი მიმდინარე წელს ინტერვენციებს გამოიყენებს საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებიდან სესხებისა თუ გრანტების სახით მისაღები სავალუტო შემოდინებების ნაწილის ბაზრისთვის მისაწოდებლად.
ქართულ კომერციულ ბანკებში ელექტრონული სისტემების მეშვეობით 2020 წლის იანვარ–აპრილში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ფულადი გზავნილები 9,4%-ით შემცირდა და დაახლოებით 467,9 მლნ დოლარი შეადგინა.
ფულადი გადმორიცხვების მოცულობით ლიდერობს რუსეთი. ლიდერი ქვეყნების ექვსეულში ასევე შედიან იტალია, საბერძნეთი, აშშ, ისრაელი და თურქეთი.
ნატა პატარაია