თბილისში პარკირების წესების დამრღვევები ჯარიმას არ გადაიხდიან – ვის ეხება ცვლილება

ყველა საქმეზე მოხდება განხილვის შეწყვეტა და ადმინისტრაციული სახდელისგან – ჯარიმისგან და შესაბამისი საურავისგან გათავისუფლება, რაც ჯამში დაახლოებით 850 000 ლარს შეადგენს.
Sputnik

თბილისი, 26 მაისი – Sputnik. ჯარიმის და შესაბამისი საურავისგან გათავისუფლდებიან პირები, რომელთაც 2018 წლის 10 აპრილამდე დედაქალაქის ტერიტორიაზე ავტოტრანსპორტის პარკირების წესების დარღვევით ადმინისტრაციული სამართალდარღვევა ჩაიდინეს, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

უმუშევრად დარჩენილ საქართველოს მოქალაქეებს საბანკო სესხები კიდევ სამი თვით გადაუვადდათ

შესაბამის კანონმდებლობაში შესატანი ცვლილების ინიციატორები არიან საპარლამენტო უმრავლესობის წევრები ზაზა გაბუნია, მერაბ ქვარაია, კობა ლურსმანაშვილი და გოგა გულორდავა.

საუბარია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის მე-8 ნაწილსა და 1252 მუხლზე, რომელიც ამკრძალავი ნიშნის – „გაჩერება აკრძალულია“ და „დგომა აკრძალულია“ მოთხოვნის დაუცველობას, ასევე დგომა-გაჩერების წესებით გათვალისწინებული სხვა მოთხოვნის დაუცველობასა და დედაქალაქის ტერიტორიაზე ავტოტრანსპორტის პარკირების წესების დარღვევას გულისხმობს.

კერძოდ, „ადმინისტრაციული სახდელისაგან გათავისუფლების შესახებ“ კანონის პროექტში ნათქვამია, რომ ყველა ის პირი გათავისუფლდება ადმინისტრაციული სახდელისგან – ჯარიმის და შესაბამისი საურავისგან, რომლებმაც ადმინისტრაციული სამართალდარღვევა ჩაიდინეს 2018 წლის 10 აპრილამდე და რომელთა მიმართაც ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ დადგენილება ამ კანონის ამოქმედებამდე არ აღსრულებულა.

რას წერენ ქართული გაზეთები: შეეხება თუ არა ამნისტია საგანგებო მდგომარეობის დამრღვევებს

კანონპროექტის ინიციატორები განმარტავენ, რომ დღევანდელი მდგომარეობით ასეთი მიმდინარე საქმეები არის აღსრულების ეროვნულ ბიუროში, თბილისის მუნიციპალიტეტის მერიასა და სასამართლოებში.

შესაბამისად, ყველა ამ საქმეზე მოხდება განხილვების შეწყვეტა და ადმინისტრაციული სახდელისგან – ჯარიმისგან და შესაბამისი საურავისგან გათავისუფლება, რაც ჯამში დაახლოებით 850 000 ლარს შეადგენს.

კანონპროექტით დაზუსტებულია, რომ ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლება ვრცელდება ადმინისტრაციული სახდელისა და საურავის მხოლოდ აღუსრულებელ ნაწილზე.