Georgian Airways ავიარეისებს უმეტესი მიმართულებით აღადგენს

ადრე ავიაკომპანიის ხელმძღვანელობამ განაცხადა, რომ მოქალაქეებს, რომელთაც მაისისა და ივნისის ბილეთები ჰქონდათ დაჯავშნილი, შეუძლიათ 1 ივლისიდან ნებისმიერი ალტერნატიული თარიღი შეარჩიონ.
Sputnik

თბილისი, 26 მაისი — Sputnik. ქართული ავიაკომპანია Georgian Airways 1 ივლისიდან 16 ტრადიციული მიმართულებიდან უმეტეს რეგულარულ რეისებს განაახლებს. თუმცა, 1 ივლისისთვის კონკრეტულად რომელი მიმართულებები იქნება ხელმისაწვდომი, ჯერჯერობით დაზუსტების პროცესშია, განუცხადეს „Sputnik–საქართველოს“ კომპანიაში. 

ლატვია საქართველოსთან ავიამიმოსვლის აღდგენისთვის მზადაა

„როგორც კი ყველაფერი დაზუსტდება, ჩვენს Facebook-გვერდზე ყველა მიმართულების შესახებ ინფორმაციას აუცილებლად განვათავსებთ“, – აღნიშნავენ ავიაკომპანიაში.

ამ დროისთვის ავიაკომპანიის ვებ-გვერდზე 14 მიმართულებით ფრენის შესახებ არის ინფორმაცია გამოქვეყნებული.

ავიარეისებს შორისაა მოსკოვი (ერევნის გავლით ტრანზიტული რეისი), ლონდონი, თელ-ავივი, კიევი, ერევანი, ბათუმი, ბარსელონა, ბოლონია, პრაღა, ბრიუსელი, ბერლინი, პარიზი, ამსტერდამი, ვენა. ამასთან, ბილეთების დაჯავშნის ფუნქცია ჯერ არ გააქტიურებულა.

ადრე ავიაკომპანიის ხელმძღვანელობამ განაცხადა, რომ მოქალაქეებს, რომელთაც მაისისა და ივნისის ბილეთები ჰქონდათ დაჯავშნილი, შეუძლიათ 1 ივლისიდან ნებისმიერი ალტერნატიული თარიღი შეარჩიონ.

კორონავირუსის პანდემიის პერიოდში, როდესაც საქართველომ ყველა მიმართულებით ავიამიმოსვლა შეწყვიტა, Georgian Airways იყო ერთადერთი ავიაკომპანია, რომელიც მთავრობის დავალებით თანამემამულეების სამშობლოში დაბრუნების მიზნით ევროპის ქვეყნებში სპეცრეისებს ახორციელებდა.