მერაბ აბრამიშვილის „სამოთხე“ Sotheby's-ის აუქციონზე გაიყიდება

ქართველი ფერმწერის ნამუშევრები დიდი წარმატებით სარგებლობს Sotheby's-ის და Christie’s-ის აუქციონებზე.
Sputnik

თბილისი, 25 მაისი — Sputnik. მხატვარ მერაბ აბრამიშვილის ნახატი „სამოთხე“ Sotheby's-ის აუქციონზე გაიყიდება, რომელიც ლონდონში 26 მაისს გაიმართება.

კატეგორიაში „რუსული ხელოვნება“ (Russian Art) წარმოდგენილი ტილოს საწყისი ფასი 25 ათასი ბრიტანული ფუნტია.

აბრამიშვილმა სურათი 1993 წელს შექმნა და იგი საქართველოში არართხელ იყო გამოფენილი. 2014 წელს ნახატი Sotheby's-ის აუქციონზე „გზაჯვარედინზე 2: თანამედროვე ხელოვნება სტამბულიდან ქაბულამდე“ (At the Crossroads 2: Contemporary Art from Istanbul to Kabul) შეიძინეს. ამ ეტაპზე ნახატი კერძო ევროპულ კოლექციაშია. 

სკანდალური ქართველი მხატვრის ახალი ნამუშევარი ერთ მილიონ დოლარად გაიყიდა

ქართველი მხატვარი მერაბ აბრამიშვილი 1957 წლის 16 მარტს საქართველოში დაიბადა. 1972-1976 წლებში ალექსანდრე ბანძელაძის სამხატვრო სტუდიაში სწავლობდა. 1981 წელს აბრამიშვილმა თბილისის სახელმწიფო ხელოვნების აკადემია დაამთავრა, 1987 წელს კი თავისი პირველი მნიშვნელოვანი ნამუშევარი „300 არაგველი“ შექმნა.

აბრამიშვილი საქართველოს მხატვართა კავშირის წევრი იყო (1988–2006). გამომსახველობით ხელოვნებას ასწავლიდა სოფელ მსხალდიდის სკოლაში. მხატვრის შემოქმედებაში მნიშვნელოვანი ადგილი ეკავა ნამუშევრებს როგორც რელიგიურ, ისე ანიმალისტურ თემებზე, ასევე ქართული ფრესკის, სპარსული მინიატურებისა და აღმოსავლური დეკორატიულ-გამოყენებითი ხელოვნების მოტივებზე.

მხატვარი ნამუშევრებს ხელს არ აწერდა და მსოფლიო დიდებას არ ეძებდა, მით უმეტეს, მის ცხოვრებაში იყო მრავალი გამოფენა საფრანგეთში, გერმანიაში, ავსტრიასა და პოლონეთში. მისი ტილოები ინახება საქართველოს ეროვნულ მუზეუმში, გერმანიის, ფინეთის, აშშ-ის მუზეუმებში და კერძო კოლექციებში. მხატვარი 2006 წლის 22 იანვარს საქართველოში გარდაიცვალა.

ქართველი ფერმწერის ნამუშევრები დიდი წარმატებით სარგებლობს Sotheby's-ის და Christie’s-ის აუქციონებზე. 2017 წელს ქართველი მხატვრის ორი ნახატი „მფარველი ანგელოზი“ და „ირმები“ Chrictie's-ის აუქციონზე 16,25 ათას ბრიტანულ ფუნტად გაიყიდა.