ყოფილი ცოლის მიმართ ძალადობაში ბრალდებულ ნიკოლოზ ბასილაშვილს გირაო შეეფარდა

ბასილაშვილის ადვოკატმა, ირმა ჭკადუამ განაცხადა, რომ ბასილაშვილს დანაშაული არ ჩაუდენია და არანაირი მტკიოცებულება არ არსებობს.
Sputnik

თბილისი, 24 მაისი - Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლომ ყოფილი მეუღლის მიმართ ძალადობაში ბრალდებულ ჩოგბურთელ ნიკოლოზ ბასილაშვილს აღკვეთის ღონისძიებად 100 000-ლარიანი გირაო შეუფარდა, იუწყება საქართველოს პროკურატურა.

ბასილაშვილის ადვოკატმა, ირმა ჭკადუამ განაცხადა, რომ ბასილაშვილს დანაშაული არ ჩაუდენია და არანაირი მტკიოცებულება არ არსებობს.

„საქმეში მტკიცებულები არ არსებობდა. ბასილაშვილის მხრიდან ძალადობა არ ყოფილა, რამაც ასახვა ჰპოვა მოსამართლის გადაწყვეტილებაში და გირაოს შეფარდებაში. პროკურატურამ რა თქვა, არ მაინტერესებს, ნიკოლოზ ბასილაშვილის მდგომარეობიდან გამომდინარე კომენტარს არ ვაკეთებ“, - განაცხადა ჭკადუამ.

პროკურატურა დაკავებულისთვის პატიმრობის შეფარდებას ითხოვდა.
ვინ არის ნიკოლოზ ბასილაშვილის ყოფილი მეუღლე, რომელიც მას ძალადობაში ადანაშაულებს - ფოტოები

ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი 22 მაისს დააკავეს. პროკურატურის ინფორმაციით, 21 მაისს თბილისში, ავჭალის დასახლებაში, ბასილაშვილმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ყოფილი მეუღლის მიმართ ფიზიკური ძალადობა განახორციელა. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება 126-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს.

საქმეზე წინასწარი მოსმენა 16 ივლისისთვის არის ჩანიშნული.

გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოს ნომერ პირველი ჩოგანი მას შემდეგ დააკავეს, რაც ბასილაშვილი და მისი მამა ჩოგბურთელის ყოფილ ცოლს ფიზიკურად გაუსწორდნენ. ამ ფაქტს შეესწრო მათი არასრულწლოვანი შვილიც. სამართალდამცველებმა ჩოგბურთელი 22 მაისს დააკავეს.

ცნობილი ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი და მისი მეუღლე ნეკა დოროყაშვილი ერთმანეთს დაახლოებით ერთი წლის წინ დაშორდნენ, თუმცა ამაზე ოფიციალურად არც ერთს არ უსაუბრია.

წყვილი ქორწინებაში 2013 წლიდან იმყოფებოდა, მათ 2015 წლის 4 მაისს ვაჟი შეეძინათ.

ნიკოლოზ ბასილაშვილს ყოფილი ცოლის ცემაში ადანაშაულებენ >>

ოჯახური ძალადობა – საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დანაშაულია. კერძოდ, 2019 წელს ოჯახური ძალადობის ბრალდებით სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრა 4,6 ათას ადამიანს, რომელთა უმეტესობა დაკავებულია. სულ 2019 წელს გამოძიება დაიწყო ოჯახური ძალადობის 6 ათას ფაქტზე, მაშინ, როცა 2018 წელს ეს მაჩვენებელი 5,6 ათასი იყო.