ფეხმძიმობის დროს დაწყებული საქმე, რომელიც წარმატებულ ბიზნესად იქცა

ყველაფერი რვა წლის ასაკში, დედისთვის დამზადებული ხელნაკეთი ყვავილებით და ქოთნით დაიწყო, რომელიც დიდი სიყვარულით და მონდომებით შექმნა.
Sputnik

 

მას შემდეგ ბევრმა დრომ გაიარა, მარიამ ბერიანიძის ხელოვნება კი იხვეწებოდა და უფრო სერიოზულ სახეს იძენდა. პროფესიად ფსიქოლოგობა არიჩია, თუმცა ხელოვნებაზე უარი არასოდეს უთქვამს. ამბობს, რომ ეს არის საქმე, რომელიც დიდ სიამოვნებას ანიჭებს და სტრესების დაძლევაში ეხმარება.

- ფსიქოლოგიის ფაკულტეტის სტუდენტი ვარ. რვა წლიდან დაკავებული ვარ ხელსაქმით და ჩემი ცხოვრება ხელოვნების გარეშე წარმოუდგენლად მიმაჩნია. ბავშვობიდან ვქარგავ და ვქსოვ.

ფეხმძიმობის დროს დაწყებული საქმე, რომელიც წარმატებულ ბიზნესად იქცა

- სამკაულის შექმნა როდის და რატომ დაიწყეთ? რა ფაქტორმა განაპირობა თქვენი არჩევანი?

- პირველად ხელნაკეთი ნივთი დედასთვის დავამზადე და დაბადების დღეზე ვაჩუქე. ხელოვნების თითქმის ყველა დარგში გამოვცადე ბედი. კერვაც ვისწავლე და ჩემთვის დღემდე ვიკერავ სამოსს, რომელიც ზუსტად ვიცი, რომ მხოლოდ მე მაცვია. გულსაბნევებსაც ადრეულ ასაკში ვამზადებდი მხოლოდ ჩემთვის და ჩემი შეკერილი სამოსის გასალამაზებლად. ამ საქმეს სერიოზულად მივუდექი მაშინ, როცა ფეხმძიმედ ვიყავი.

ფეხმძიმობის დროს დაწყებული საქმე, რომელიც წარმატებულ ბიზნესად იქცა

- მოდურ და ორიგინალურ სამკაულს ქმნით. როგორ მიაგენით თქვენს ნიშას?

- შევისწავლე დამზადების  ტექნიკა და გულსაბნევებთან ერთად დავიწყე სხვადასხვა აქსესუარების დამზადება. ხალხის გარკვეულმა რაოდენობამ, რომელთაც ჩემი შემოქმედება ძალიან მოსწონდათ მომცა სტიმული, რომ ჩვილ ბავშვთან ერთად შევჭიდებოდი ამ საქმეს. ახლა ერთი წლის პატარა კონსტანტინეს დედა ვარ და მოტივაცია ორმაგია. ვცდილობ შევქმნა გამორჩეული და ორიგინალური აქსესუარები ყოველგვარი მონახაზის გარეშე. შეიძლება შევხედო  ხილს, ნივთს ან საგანს და გამიჩნდეს რაიმე აქსესუარის იდეა. სწორედ ასე დაიბადა ჩემი საავტორო ნამუშევრის, ბროწეულის ფორმის გულსაბნევების დამზადების იდეა.

ფეხმძიმობის დროს დაწყებული საქმე, რომელიც წარმატებულ ბიზნესად იქცა

- რა მასალით იქმნება თქვენი სამკაული და რით არის გამორჩეული?

- შესრულების ტექნიკაც განსხვავებული და ჩემებურია. ჩემს ნამუშევრებში ვიყენებ ჩეხურ და იაპონურ მასალას. ჩეხეთიდან მამარაგებს ჩემი მეგობარი, იაპონურ მასალას კი სხვადასხვა საიტებიდან ვიწერ. ხარისხი იმ მასალას შორის, რაც აქ იშოვება და რაც უცხოეთიდან ჩამომდის საგრძნობლად განსხვავებულია. ასევე ვიყენებ ბუნებრივ ქვებს. ვფიქრობ ჩემი აქსესუარები დამუშავების ტექნიკითაც გამოირჩევა. ოსტატების უმრავლესობა არ აქცევს ყურადღებას აქსესუარის უკანა მხარეს. ჩემი აქსესუარები კი უკნიდანაც ისევე ლამაზია, როგორც წინიდან. თითოეული მათგანი აყვანილია ტყავზე და აქვს შემოვლებული საბოლოო ნაკერი ე.წ. „კანტი”. მინდა შევქმნა ხარისხიანი აქსესუარი, რომელიც დროს გაუძლებს და მომხმარებელს 15-20 წლის განმავლობაში მაინც უცვლელად ექნება შემონახული.  ამ ყველაფრის გათვალისწინებით ერთი აქსესუარის შექმნას საკმაოდ დიდ დროს ვუთმობ და მასში ვდებ ჩემს გულსა და სულს. 

ფეხმძიმობის დროს დაწყებული საქმე, რომელიც წარმატებულ ბიზნესად იქცა

- პატარა გყავთ, ახლა რამდენად გრჩებათ სამუშაოდ დრო? არ იღლებით?

- ძირითადად ვმუშაობ შუაღამეს. როცა პატარას დავაძინებ, სახლის საქმეს მოვილევ და მშვიდად ვიწყებ მუშაობას. თუმცა პროცესში არ ვიღლები, პირიქით ეს ჩემთვის სტრესის დაძლევის და განტვისთვის საშუალებაა .

ფეხმძიმობის დროს დაწყებული საქმე, რომელიც წარმატებულ ბიზნესად იქცა

- არის ეს საქმე, რომელიც გინდათ, მთელი ცხოვრება აკეთოთ, თუ სხვა ინტერესებიც გაქვთ?

- უახლოეს მომავალში  ვგეგმავ სწავლის გაგრძელებას და ჩემი პროფესიით მუშაობას. ახლა აკადემიური მაქვს აღებული ორსულობის და პატარას გამო, თუმცა არ ვაპირებ შევწყვიტო ეს საქმიანობა, რაც ასე მაბედნიერებს და მახარებს. თითოეული მომხმარებლის შექება და კომპლიმენტის მოსმენა ერთი დიდი სიხარულია.

ფეხმძიმობის დროს დაწყებული საქმე, რომელიც წარმატებულ ბიზნესად იქცა

- როგორ ფიქრობთ, სამკაულის მიხედვით თუ შეიძლება განისაზღვროს ქალის ხასიათი?

- უკვე ერთი წელია აქსესუარების დამზადებით ვარ დაკავებული და მივხვდი, რომ შეკვეთილი აქსესუარით მარტივია განსაზღვრო ქალბატონის ხასიათი. ასევე, შერჩეული ფერებით და სასურველი ფორმით.

ფეხმძიმობის დროს დაწყებული საქმე, რომელიც წარმატებულ ბიზნესად იქცა

- ქართველ ქალბატონებს, როგორი სამკაული მოსწონთ?

- ქართველ ქალებს ძირითადად არასტანდარტული ფორმის ბეჭდები და ბუნებრივი ქვებით გაწყობილი გულსაბნევები და სამაჯურები მოსწონთ. რამდენიმე თვის წინ დავიწყე საქართველოს რუკის ფორმის ბეჭდების დამზადება სხვადასხვა ფერებში და ნამდვილად მოთხოვნად აქსესუარად იქცა. ჩვენი ქვეყნის კონტური კი გვაძლევს საშუალებას ნივთი გამოვიდეს არასტანდარტული ფორმის, დახვეწილი და ლამაზი.

ფეხმძიმობის დროს დაწყებული საქმე, რომელიც წარმატებულ ბიზნესად იქცა

- სამომავლო გეგმებიც გაგვანდეთ...           

- სამომავლოდ უამრავი გეგმა და მიზანი მაქვს, რომლის გამხელაც ჯერ არ მსურს. კორონა ვირუსი რომ არა, ახლაც ბევრი რამ შეცვლილი იქნებოდა. სხვა ყველაფერთან ერთად ვგეგმავ ჩემი აქსესუარების ქვეყნის გარეთ გაყიდვას. ახლაც მოლაპარაკებების პროცესში ვარ თუმცა ისევ და ისევ კორონას გამო ჯერ ვერც ეს ხერხდება. ყველა სიახლეს ჩემს გვერდზე დავწერ. ასე, რომ თვალი გვადევნეთ.