„ანტირუსული განწყობები საქართველოში“ - რა აფერხებს ურთიერთობების მოგვარებას

რუსმა სენატორმა პუშკოვმა აღნიშნა, რომ რუსეთმა საქართველოს სანქციები პრეზიდენტ პუტინის წყალობით არ დაუწესა
Sputnik

თბილისი, 21 მაისი – Sputnik. საქართველოში ანტირუსული განწყობები გავლენას ახდენს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების მოგვარებაზე, განაცხადა ფედერაციის საბჭოს წევრმა, ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკისა და მედიასთან ურთიერთობის საკითხებში კომისიის თავმჯდომარემ ალექსეი პუშკოვმა ონლაინ ბრიფინგზე.

საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტო „როსია სეგოდნიას“ საერთაშორისო მულტიმედიურ პრეს-ცენტრში, სენატორმა პუშკოვმა COVID-19-ის პანდემიის კონტექსტში საერთაშორისო ურთიერთობების თემაზე გამართა ონლაინ-კონფერენცია, რომლის დროსაც უპასუხა Sputnik–საქართველოს შეკითხვას რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების პერსპექტივების შესახებ.

„მოქმედებს განწყობები საქართველოში, გავლენას ახდენს საქართველოში ანტირუსული კამპანია, რომელიც ხან დაწყნარდება, ხან ხელახლა გაჩაღდება. აი რა ახდენს გავლენას ურთიერთობებზე რუსეთსა და საქართველოს შორის. პანდემია კლებას დაიწყებს, მაგრამ შემცირდება თუ არა საქართველოში ანტირუსული ეპიდემია? საკითხავი ეს არის”, - განაცხადა პუშკოვმა.

მისივე თქმით, კორონავირუსის პანდემიას ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებში არანაირი კორექტივები არ შეუტანია, მაგრამ, რა თქმა უნდა, მან გავლენა იქონია ტურისტულ ნაკადზე, რომელიც ახლა შეჩერებულია და უახლოეს პერიოდში შეზღუდული იქნება.

კორონავირუსი და გლობალიზაცია: საქართველოს პრეზიდენტის მიმართვის მთავარი თეზისები

მოსკოვმა 2019 წლის 8 ივლისს შეწყვიტა პირდაპირი ფრენები საქართველოსთან, ხოლო რუსმა ტუროპერატორებმა საქართველოს მიმართულებით ტურების გაყიდვა შეწყვიტეს. ამის მიზეზი გახდა 2019 წლის 20 ივნისს დაწყებული პროტესტის ტალღა, როდესაც ქვეყნის პარლამენტში, მართლმადიდებლობის პარლამენტთაშორისი ასამბლეის სესიაზე რუსეთის სათათბიროს დეპუტატი, კომპარტიის წევრი სერგეი გავრილოვი გამოჩნდა. იმ დღეს ანტირუსული აქცია არეულობაში გადაიზარდა, პოლიციამ კი ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენა.

პუშკოვის თქმით, ამ მოვლენების შედეგად, საქართველომ რუსეთის მხრიდან აირიდა სანქციები, რომლებსაც მოითხოვდა სახელმწიფო დუმა, პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის გადაწყვეტილების შედეგად. სწორედ მან გადაწყვიტა, რომ სანქციები არ უნდა დაწესებულიყო.

„დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს რუსეთი უფრო სჭირდება, ვიდრე პირიქით. შეადარეთ ბაზრები, შეადარეთ შესაძლებლობები და შეადარეთ ქვეყნები”, - აღნიშნა სენატორმა.

2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ რუსეთმა აფხაზეთისა და ცხინვალი რეგიონის სუვერენიტეტი აღიარა, ხოლო საქართველომ ამის საპასუხოდ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვიტა. საქართველოს მოქალაქეებს რუსეთში წასასვლელად ვიზა სჭირდებათ.