თბილისი, 21 მაისი - Sputnik. საქართველოს მთავრობამ სოფლის დახმარების პროგრამა ქვეყანაში კორონავირუსის პანდემიის პერიოდში სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობის მიზნით შეიმუშავა.
სოფლის მეურნეობა საქართველოში კორონავირუსისგან ერთ-ერთი ყველაზე მეტად დაზარალებული დარგია, რამდენადაც მას ახალი როლი დაეკისრა - ქვეყნის მომარაგება აუცილებელი პროდუქტებით იმპორტირებულის ნაცვლად.
ხელისუფლებამ უკვე განაცხადა, რომ ამ დარგს სერიოზული ცვლილებები შეეხება წარმოების პროფილის შეცვლის გამო.
ახალი დახმარება ფერმერებს
სოფლის განვითარების პროგრამა მიმართულია ფერმერული მეურნეობების განვითარებისკენ, რომლებიც დარეგისტრირებულ მიწებს ფლობენ. სწორედ მიწის რეგისტრაცია გახდება დახმარების აღმოჩენის ძირითადი ფაქტორი.
20 მაისიდან იმ ფერმერებისთვის, რომლებიც ლეგალურად ფლობენ 0,25-დან 10 ჰექტრამდე რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთებს, დაიწყო სპეციალური აგრობარათების დარიგება - 1 ჰექტარზე 200 ლარის გათვლით.
ამასთან, აგრობარათებზე დაერიცხებათ როგორც ფულადი სახსრები, ისე ქულები, რომლებითაც ფერმერები სასუქებისა და მცენარეთა დამცავი პრეპარატების, ქიმიური და ბიოლოგიური საშუალებების, თესლისა და ნერგების შეძენას, ასევე აგროტექნიკის მომსახურების საფასურის გადახდას შეძლებენ.
მთავრობის ახალი პროგრამის თანახმად, ყველა ფერმერისთვის, რომელიც 0,25 ჰექტრიდან 100 ჰექტრამდე მიწის ნაკვეთს ფლობს, აგროტექნიკური სამუშაოებისთვის აუცილებელი დიზელის საწვავი საბაზრო ღირებულებაზე 1 ლარით ნაკლები ეღირება. ამასთან, ლიმიტი წელიწადში 1 ჰექტარზე 150 ლიტრი იქნება.
ერთი წლის განმავლობაში ფერმერები SOCAR Georgia Petrolium-ის საბითუმო ბაზებიდან დიზელის 0,2 ლარით, ხოლო ავტოგასამართი სადგურებიდან სპეციალური ბარათების საშუალებით 0,16 ლარით იაფად შეძენას შეძლებენ.
აღნიშნული დახმარებით 200 ათასამდე ფერმერი ისარგებლებს.
დამატებითი შეღავათები
ფულადი დახმარების გარდა, საქართველოს მთავრობამ გადაწყვიტა 42 ათას ფიზიკურ და იურიდიულ პირს ჩამოაწეროს „საქართველოს მელიორაციის“ დავალიანება, რომელიც დაახლოებით 8 მილიონ ლარს შეადგენს. ამასთან, 2020 წელს სამელიორაციო მომსახურების საფასურისგან სრულად გათავისუფლდება 10 ჰექტრამდე მიწის ნაკვეთის მესაკუთრე 42 ათასზე მეტი ფერმერი.
კიდევ ერთი პროგრამა ფერმერული მეურნეობების გასავითარებლად გრანტები იქნება. სახელმწიფო სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის, მოწყობილობების, ან სათბურების მოდერნიზების, ასევე ერთწლიანი კულტურებისთვის სარწყავი სისტემების შეძენისა და მონტაჟის ღირებულების 50%-ს აანაზღაურებს. ამასთან, თანადაფინანსების მოცულობა არ გადააჭარბებს 50 ათას ლარს.
კრიზისის გამო შეიცვალა აგროკრედიტის პროგრამაც, რომელიც ქვეყანაში 2012 წლიდან მოქმედებს.
სახელმწიფო სრულად გადაიხდის ერთწლოვანი კულტურების წარმოების გასავითარებლად აღებული 5 ათასიდან 100 ათას ლარამდე მოცულობის სესხის პროცენტებს. სესხი ნახევარი წლის განმავლობაში გაიცემა.
„შეღავათიანი აგროკრედიტის“ ძირითადი საშუალებების კომპონენტში იზრდება თანადაფინანსების პროცენტი. არსებული წლიური 8 პროცენტის ნაცვლად სახელმწიფო ფერმერს 48 თვის განმავლობაში დაუფინანსებს 11 პროცენტს. იზრდება ლიზინგის თანადაფინანსების პროცენტიც - ნაცვლად არსებული 9 პროცენტისა, იქნება 12 პროცენტი.
სასურსათო მრეწველობის ხელშეწყობის მიზნით თანადაფინანსება სახელმწიფოს მხრიდან 1,5 მილიონიდან 5 მილიონ ლარამდე სესხზე 24 თვის ვადით 10% იქნება.
სიახლეები იგეგმება აგროდაზღვევის პროგრამაშიც. 20 მაისიდან შესაძლებელი იქნება მრავალწლოვანი კულტურების სეტყვისგან, წყალდიდობისგან, ქარიშხლისა და შემოდგომის ყინვებისგან 3 წლის ვადით დაზღვევა.
გარდა ამისა, სახელმწიფო მონაწილეობას მიიღებს კულტურის სახეობის მიხედვით სხვადასხვა მოცულობის სადაზღვევო პრემიების თანადაფინანსებაში.
საქართველოს ხელისუფლება მეცხოველეობის განვითარებაშიც მიიღებს მონაწილეობას. ამჯერად განსაკუთრებული ყურადღება რძისა და რძის პროდუქტების წარმოებაზე გაკეთდება.
გათვალისწინებულია ასევე სახელმწიფოს მონაწილეობა წარმოების სახეობების მიხედვით.
პირველად წარმოებას სახელმწიფო დააფინანსებს 80%-ით, ისევე, როგორც რძის მიმღებ საგაზაფხულო პუნქტებსა და რძის გადამამუშავებელ მცირე საწარმოებს.
წარმოების დანარჩენი სახეობები, როგორებიცაა რძის მსხვილი ქარხნები და საკვების საწარმოები, სახელმწიფოს მხრიდან 40-დან 60%-მდე თანადაფინანსებას მიიღებენ.