თბილისი, 19 მაისი – Sputnik. კომენდანტის საათი, რომელის საქართველოში 31 მარტიდან შემოიღეს, აღარ იმოქმედებს საგანგებო მდგომარეობის ვადის დასრულების შემდეგ, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ.
გახარია: ტურიზმისთვის COVID-19–თან ეფექტურად მებრძოლი ქვეყნის რეპუტაციაა საჭირო >>
საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის ვადა 22 მაისს იწურება. კომენდანტის საათის დროს მოქალაქეებს 21:00 საათიდან 06:00 საათამდე გარეთ გასვლა ეკრძალებოდათ.
„ჩვენ შეზღუდვები გვჭირდება, მაგრამ ამავე დროს ჩვენ არ გვჭირდება საგანგებო მდგომარეობა და კომენდანტის საათი. ამიტომ მივმართეთ პარლამენტს, რომ ეს შეზღუდვები იყოს გონივრული, ეფექტიანი და იყოს კონკრეტულ მიზნებზე მიმართული“, - განაცხადა გახარიამ.
პრემიერის თქმით, მთავრობის ამოცანაა მოძებნოს ბალანსი მოქალაქეების ჯანმრთელობის დაცვას, ეკონომიკის აღორძინებასა და პოლიტიკურ პროცესებს შორის, შესაბამისად, საგანგებო მდგომარეობის მოხსნის შემდეგ მოქმედ შეზღუდვებს შორის არ იქნება რაიმე შეზღუდვა გამოხატვის თავისუფლებაზე.
სამშაბათს პარლამენტის ბიურომ საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ კანონში დაარეგისტრირა ცვლილებები, რომელთა საშუალებითაც საქართველოს მთავრობას საგანგებო მდგომარეობის გაუქმების შემდეგ შეზღუდვების შემოღების უფლება ექნება.
ცვლილებების თანახმად, კანონში გაჩნდება ტერმინი „საკარანტინო ზომები“, რაც, სხვა საკითხებთან ერთად, გულისხმობს საჯარო უწყებების საქმიანობის საკითხების რეგულირებას იმ წესებით, რომლებიც განსხვავდება მოქმედი კანონმდებლობისგან, აგრეთვე მოქალაქეების გადაადგილების უფლებას, საკუთრების უფლებას, შრომითი, პროფესიული და ეკონომიკური საქმიანობის უფლებებს, აგრეთვე ხალხის შეკრების უფლებას სოციალური ღონისძიებების ჩასატარებლად.
საქართველოში დაავადებულთა რაოდენობა ყველაზე ნაკლებია ევროპაში. ექსპერტების თვალსაზრისით, ეს მიღწეულია დროულად შემოღებული შეზღუდვების და საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის გამო. ქვეყანაში ინფიცირების პირველი შემთხვევა 26 თებერვალს გამოვლინდა და 19 მაისისთვის 702-ს შეადგენს. აქედან 456 გამოჯანმრთელდა, გარდაიცვალა 12.