მთავრობას საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე შეზღუდვების შემოღების უფლება ექნება

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ქვეყანაში 22 მაისის შემდეგ საგანგებო მდგომარეობა არ გახანგრძლივდება, თუმცა გამორიცხული არაა, რომ რიგი შეზღუდვები კვლავ დარჩეს.
Sputnik

თბილისი, 19 მაისი – Sputnik. საქართველოში მზადდება საკანონმდებლო ცვლილებები, რომლის თანახმად, მთავრობას ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე შემზღუდავი ღონისძიებების გატარების საშუალება ექნება.

საკანონმდებლო ინციატივას პარლამენტის ბიურო სამშაბათს განიხილავს.

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის გურამ მაჭარაშვილის განცხადებით, აღნიშნული გადაწყვეტილება საკოორდინაციო საბჭოზე ჯანდაცვის სამინისტროს, პარლამენტისა და მთავრობის წარმომადგენლებთან კონსულტაციების შედეგად მიიღეს, რომლის შედეგადაც ზოგიერთი შეზღუდვა საგანგებო მდგომარეობის დასრულების შემდეგაც შეიძლება დარჩეს. ამისათვის კი მოქმედ კანონმდებლობაში გარკვეული ცვლილებების შეტანაა საჭირო, რათა კორონავირუსის პანდემიასთან ბრძოლაში მიღწეული პოზიტივი არ დაიკარგოს. 

ბოლნისის რამდენიმე სოფელში მკაცრი კარანტინი იხსნება

იმისთვის, რომ საგანგებო მდგომარეობა სავალდებულო არ გახდეს და საზოგადოებას დისკომფორტი არ შეექმნას, კანონმდებლობაში ისეთი ცვლილებების შეტანა უნდა მოხდეს, რომლებიც მთავრობას უფლებას მისცემს კონკრეტულ ადგილზე კარანტინი გამოაცხადოს, ან კორონავირუსის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით გარკვეული შეზღუდვები შემოიღოს, განაცხადა მაჭარაშვილმა.

ამჟამად საქართველოში კორონავირუსი 702 ადამიანს დაუდასტურდა, გამოჯანმრთელდა 456 პაციენტი. გარდაიცვალა 12. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 3787, ხოლო სტაციონარებში დაკვირვების ქვეშ 337 ადამიანია. ასევე კორონავირუსის დიაგნოზით უცხოეთიდან სამშობლოში სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს სამი მოქალაქე.

საქართველოში კორონავირუსის გამოვლენის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა. 21 მარტს ხელისუფლებამ ინფექციის გავრცელების საფრთხის გამო ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე ერთი თვით საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა, რომელიც შემდეგ 22 მაისამდე გახანგრძლივდა. ქვეყანაში მოქმედებს რიგი აკრძალვები, მათ შორის კომენდანტის საათი 21:00-დან 06:00 საათამდე.

საქართველოში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით დაწესებული შეზღუდვების მოხსნა 27 აპრილიდან დაიწყო. კერძოდ, ნებადართული გახდა მსუბუქი ავტომობილების, მათ შორის, ტაქსით გადაადგილება, ინტერნეტ–მაღაზიების (საცალო და საბითუმო) მუშაობა, ნებისმიერი საქონლის მიწოდების სერვისი და ღია ტიპის აგრარული ბაზრების მუშაობა. შემდეგ გაიხსნა მაღაზიების უმეტესობა, აღდგა წარმოებების ფუნქციონირება, მოიხსნა შეზღუდვები ქალაქებს შორის გადაადგილებაზე და ა.შ. 

ვალუტის გადამცვლელი პუნქტები საგანგებო მდგომარეობის დასრულების შემდეგ გაიხსნება

18 მარტიდან საქმიანობა განაახლეს სილამაზის სალონებმა და ესთეტიკური მედიცინის ცენტრებმა, გარდა ამისა, გაუქმდა სამზე მეტი პირის შეკრებაზე დაწესებული შეზღუდვა როგორც ღია, ისე დახურულ სივრცეში. თუმცა, ძალაში რჩება აკრძალვა 10-ზე მეტი პირის შეკრების შესახებ.

საქართველოს მთავრობამ შეზღუდვების მოხსნის გეგმა წარმოადგინა, რომელიც ექვსი ეტაპისგან შედგება. ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე, ეტაპებს შორის ინტერვალი ორი კვირა უნდა ყოფილიყო.

შეზღუდვების მოხსნის პირველი ეტაპი 27 აპრილს დაიწყო, მეორე – 5 მაისს, მესამე – 11 მაისს. მთავრობამ ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის 22 მაისიდან გაუქმების გადაწყვეტილება მიიღო.