საქართველო – ტურისტებისთვის უსაფრთხო ქვეყანა: ელჩებმა ახალი დავალება მიიღეს

უახლოეს დროში დიპლომატები კონკრეტულ ინსტრუქციებსა და პროტოკოლებს მიიღებენ, რომლებიც საქართველოში უცხოელი ტურისტების შემოსვლასთან დაკავშირებით იმოქმედებს.
Sputnik

თბილისი, 19 მაისი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ საქართველოს ელჩებს მსოფლიოში საქართველოს, როგორც ტურისტულად უსაფრთხო და მიმზიდველი ქვეყნის წარდგენა დაავალა, იუწყება მთავრობის პრეს-სამსახური.

კორონავირუსის პანდემიასთან წარმატებული ბრძოლის შედეგად ქვეყნის ხელისუფლებამ შიდა ტურიზმის 15 ივნისიდან, უცხოელი ტურისტებისთვის კი საზღვრის 1 ივლისიდან გახსნის გადაწყვეტილება მიიღო.  

ჩვენი ქვეყანა მზად არის რუსი ტურისტებიც მიიღოს და უმასპინძლოს - ნათია თურნავა

„აუცილებელია, რომ საქართველო წარმოდგენილი იყოს როგორც ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო ქვეყანა. ვფიქრობ, რომ ეს ამოცანა ყველასთვის ნათელია. ამაზე მუშაობა უკვე დაწყებულია და დღევანდელი შეხვედრაც ამ მიზანს ემსახურება. პრემიერ-მინისტრისგან, ეკონომიკის მინისტრისგან, საგარეო საქმეთა მინისტრისგან და ტურიზმის ადმინისტრაციის ხელმძღვანელისგან ელჩებმა ამ მიმართულებით ძირითად პრიორიტეტებთან დაკავშირებით სრული ინფორმაცია მიიღეს“, – განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა.

საქართველოს პრემიერმა გიორგი გახარიამ ორშაბათს, 18 მაისს საქართველოს ელჩებთან ვიდეოკონფერენცია გამართა.

უახლოეს დროში დიპლომატები კონკრეტულ ინსტრუქციებსა და პროტოკოლებს მიიღებენ, რომლებიც საქართველოში უცხოელი ტურისტების შემოსვლასთან დაკავშირებით იმოქმედებს.

უსაფრთხო  ადგილი

საქართველოში ტურისტული ინდუსტრიის აღორძინების ამბიციური გეგმის რეალიზაციისთვის, რომელიც პანდემიისგან ყველაზე მეტად დაზარალდა და შემოსავლის 70% დაკარგა, ხელისუფლებამ საქართველოს, როგორც უსაფრთხო ქვეყნის პოზიციონირების გადაწყვეტილება მიიღო. 

ტურიზმი COVID-19-ის პანდემიის პერიოდში - საქართველოში სასტუმროებს რეკომენდაციებს აძლევენ

საქართველოში ჩამოსული ტურისტები ე.წ. „მწვანე ზონებში“ დაისვენებენ, სადაც უზრუნველყოფილი იქნება სრული უსაფრთხოება როგორც დამსვენებლებისთვის, ისე ადგილობრივი მოსახლეობისთვის.

საქართველოს მთავრობა სხვადასხვა ქვეყნებთან ავიამიმოსვლის აღდგენის მიზნით აქტიურ მოლაპარაკებებს აწარმოებს.

კორონავირუსის გავრცელების გამო საქართველომ უცხოელი ტურისტებისთვის საზღვრები დაკეტა და 21 მარტიდან პრაქტიკულად მთლიანად შეწყვიტა ავიამიმოსვლა სხვა ქვეყნებთან. 21 მარტს ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.

საქართველოს ახალი როლი

ვიდეოკონფერენციის დროს საუბარი შეეხო საქართველოს ახალ როლსა და ადგილს გლობალურ საინვესტიციო პროცესებში. 

თურნავა: მზად ვართ, საერთაშორისო კომპანიებს საქართველო ალტერნატიულ პლატფორმად შევთავაზოთ

აღინიშნა, რომ COVID-19-ის პანდემიამ მსოფლიოს მულტინაციონალური კომპანიების დღის წესრიგში დააყენა წარმოების დივერსიფიკაციის საკითხი.

შესაბამისად, ქართველ ელჩებს დაევალათ აქტიურად იმუშაონ საქართველოს, როგორც ბიზნესის კეთებისთვის ერთ-ერთი ყველაზე ხელსაყრელი ქვეყნის იმიჯის განმტკიცებაზე, რომელსაც, მეზობელი სახელმწიფოების გარდა, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებები აკავშირებს მსოფლიოს ისეთ უმსხვილეს ბაზრებთან, როგორიცაა, მათ შორის, ევროკავშირი და ჩინეთი.