პანდემიის გამო მსოფლიოს 48 ქვეყანაში სხვადასხვა ტიპის არჩევნები გადაიდო. არჩევნების გადადებაზე საქართველოშიც მსჯელობდნენ, მაგრამ დღეს სიტუაცია ისე გამოიყურება, რომ ნელ-ნელა ქართული პოლიტიკა გაცოცხლებას იწყებს. სამწუხაროა, რომ პოლიტიკაში ახალი სახები ნაკლებად ჩანს და უფრო მკვდრეთით აღმდგარ ლაზარეებთან გვაქვს საქმე, ვიდრე ახალ სახეებთან, სახელებთან და იდეებთან.
როგორი მდგომარეობაა ქართულ პოლიტიკურ ველზე არჩევნებამდე ხუთი თვით ადრე?
ე.წ. პოლიტპატიმრების გამოშვებისა და საარჩევნო შეთანხმებებზე უამრავი მოწოდების შემდეგ პარლამენტში, როგორც ჩანს, მმართველი გუნდი უახლოეს მომავალში დაიწყებს საკონსტიტუციო კანონპროექტის განხილვას, რომელიც უკვე ინიცირებულია და რომელშიც დეტალურადაა გაწერილი, რომელი რაიონი რომელს შეუერთდება იმისთვის, რომ ქართველ პოლიტიკოსთა მაჟორიტარული ამბიციები 30 ოლქში ჩაეტიოს.
მომავალი არჩევნების განწყობები ჯერჯერობით რთული დასათვლელია, მაგრამ ექსპერტები ხშირად ფიქრობენ - რომელიმე ოლქში ექვთიმე თაყაიშვილმა და სოლომონ ისაკიჩ მეჯღანუაშვილმა რომ იყაროს კენჭი მსუყე დაფინანსებით, რომელი გაიმარჯვებს. ანდა, სულაც ნიკო ნიკოლაძე რომ გაგვეცოცხლებინა, გახდებოდა თუ არა ის რომელიმე ბობოლა ფეოდალი მაჟორიტარის ტოლფასი კონკურენტი. თუმცა ეს მაინც დიდწილად დამოკიდებულია მოსახლეობის ეკონომიკურ მდგომარეობასა და საინფორმაციო უზრუნველყოფაზე.
ის, რაც ჯერჯერობით ჩანს, აჩვენებს, რომ რომელიმე პარტიას დიდი უპირატესობით არჩევნების მოგება გაუჭირდება. არც "ქართულ ოცნებას" აქვს მაინცდამაინც დიდი რეიტინგი, თუ რამე კარდინალური ცვლილებები არ განახორციელა, და არც ე.წ. გაერთიანებულ ოპოზიციას, რადგან არც ახალი იდეები გვსმენია მათგან და არც ახალი ნათელი სახე შემოუყვანიათ პოლიტიკაში. ამ მხრივ გამონაკლისი ისევ ალეკო ელისაშვილის "სამოქალაქო მოძრაობაა", რომელიც, სავარაუდოდ, პარლამენტში კი მოხვდება, მაგრამ დიდ გავლენას მის მუშაობაზე ვერ მოახდენს. შედარებით უკეთესი ტემპი აკრიფა "ლელომ", რომელიც არც რეკლამაში ზოგავს ფულს და, როგორც ჩანს, არც ხელისუფლების გარკვეულ ნაწილთან კონსტრუქციულ თანამშრომლობაზე იტყვის უარს, მაგრამ მათი შანსებიც 10-15 პროცენტის ფარგლებში მერყეობს.
"ნაციონალურ მოძრაობას" თავისი, მკაფიოდ ჩამოყალიბებული ამომრჩეველი ჰყავს და მუდმივად ერთსა და იმავე პროცენტებში თამაშობს, მაგრამ მისი შედეგები 2020-ში ბევრად იქნება დამოკიდებული იმაზე, თუ რამდენად გავა პარლამენტში საკონსტიტუციო ცვლილებები.
ექსპერტების ნაწილის აზრით, გარდა ხელისუფლებისა, ყველაზე მეტად საკონსტიტუციო ცვლილებები სწორედ "ნაციონალურ მოძრაობას" არ აძლევს ხელს, რადგან მცირე პარტიებისათვის შანსის მიცემის შემთხვევაში მისი ამომრჩეველი დაიქსაქსება და სხვა ოპოზიციურ პარტიებს თუ ლიდერებს დაუჭერს მხარს.
10-12 პროცენტი რეიტინგი უფიქსირდება ამჟამად „ევროპულ საქართველოს", რომლის გარიგებაზე ხელისუფლებასთან და დასავლეთის სწრაფვაზე, ბოკერიას გადააბაროს ხელისუფლება, ბევრს საუბრობენ, მაგრამ ნამდვილად ისე არ წვიმს, როგორც ქუხს. დიახ, ბაქრაძე და ბოკერია ნაკლებად რადიკალურები არიან, ვიდრე ნინო ბურჯანაძე და თაკო ჩარკვიანი, მაგრამ არც იმდენად, რომ „ქართულ ოცნებას" საარჩევნო სპარინგ-პარტნიორად ესიმპათიურებოდეს.
პოლიტიკურ ველზე დღეს შემოდგომის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით რამდენიმე ვერსია განიხილება და თადარიგიანი პოლიტიკოსი ყველა ვარიანტისთვის მზად უნდა იყოს:
1. არჩევნები დადგენილ დროს, სავარაუდოდ, 31 ოქტომბერს ახალი წესით ჩატარდება.
2. საკონსტიტუციო ცვლილებები ისევ ჩავარდება და პოლიტიკურ პარტიებს ისევ ძველი საარჩევნო სისტემით მოუწევთ არჩევნებში მონაწილეობა (აქვე აღვნიშნავთ, რომ ეს ნამდვილად ნაკლებადაა მოსალოდნელი, რადგან "ნაციონალები" და "ევროპული საქართველოს" წევრები სულ რომ გაჯიქდნენ, ხელისუფლება 113 ხმას პარლამენტში მაინც შეაგროვებს "პატრიოტებთან" და მისგან დისტანცირებულ დეპუტატებთან ერთად. მთავარი აქ მაინც მონდომებაა).
3. თუ შემოდგომაზე კორონავირუსმა ახალი ძალით იფეთქა, შესაძლოა არჩევნები გადაიდოს.
ჩვენი პროგნოზით, დღეისათვის ყველაზე მაღალი შანსები ხელისუფლებას აქვს, თუმცა არა 50 პროცენტზე მეტი. შესაბამისად, მას კოალიციური მთავრობის შესაქმნელად სანდო პარტნიორების შემოყვანა სჭირდება პოლიტიკურ ველზე.
მით უმეტეს, რომ კორონავირუსის დროს გამოჩენილმა მოქნილობამ ხელისუფლებას და კონკრეტულად გახარიას ნამდვილად მოუტანა პოლიტიკური ქულები და საკმაოდ სამართლიანადაც.
თუ როგორ აპირებენ ხელისუფლება და ოპოზიცია არჩევნებისთვის მზადებას და ვის შემოიყვანენ პოლიტიკურ ველზე, ამაზე მომდევნო სტატიებში მოგითხრობთ.