სოფიო ხუნწარიამ თბილისის მერის მოადგილის პოსტი დატოვა

გავრცელებული ინფორმაციით, სოფიო ხუნწარია სამუშაოდ კერძო სექტორში გადადის. მას მერის მოადგილის თანამდებობა ბოლო ორი წლის განმავლობაში ეკავა.
Sputnik

თბილისი, 18 მაისი – Sputnik. თბილისის მერის სამი მოადგილიდან ერთ-ერთმა, სოფიო ხუნწარიამ თანამდებობიდან წასვლის შესახებ განცხადება დაწერა. 

კალაძე: მშენებლობების წინააღმდეგი არ ვართ – იგი უნდა იყოს ხარისხიანი

როგორც მერიის პრეს-სამსახურში აცხადებენ, ხუნწარიამ თანამდებობა საკუთარი სურვილით დატოვა. მისი გათავისუფლების შესახებ განკარგულებას კალაძემ ხელი უკვე მოაწერა.

გავრცელებული ინფორმაციით, სოფიო ხუნწარია სამუშაოდ კერძო სექტორში გადადის.

„თბილისის მერია მადლობას უხდის სოფიო ხუნწარიას ორი წლის მანძილზე მუნიციპალიტეტში განხორციელებული არაერთი მნიშვნელოვანი პროექტისთვის და უსურვებს მას წარმატებებს შემდგომ საქმიანობაში", — ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

სოფიო ხუნწარია 1999 წლიდან სხვადასხვა ქართულ ტელეარხზე („იბერია“, „მზე“) ახალი ამბების წამყვანად მუშაობდა, ტელეკომპანია „იმედში“ იყო პროდიუსერი, ხელმძღვანელობდა კულტურის სამინისტროს პრეს-სამსახურს. 2006 წლიდან იყო სარეკლამო კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი, 2012 წლიდან კი ტელეკომპანია „არტარეას“ ხელმძღვანელობდა. ბოლო ორი წლის განმავლობაში თბილისის მერის მოადგილის პოსტი ეკავა.