შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტომ სერვისების ეტაპობრივი განახლება დაიწყო

სააგენტო საკოორდინაციო საბჭოს ყველა რეკომენდაციის გათვალისწინებას გეგმავს და მომხმარებელს მოუწოდებს, ადგილზე სერვისების მისაღებად პირბადით გამოცხადდნენ.
Sputnik

თბილისი, 18 მაისი – Sputnik. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტომ 18 მაისს საქმიანობა განაახლა და მოქალაქეებს ყოველდღიურ რეჟიმში მოემსახურება, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მომსახურების სააგენტომ მუშაობა მიმდინარე წლის მარტში შეაჩერა კორონავირუსის პანდემიისა და ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გამო. 

შეზღუდვები, რომლებიც 18 მაისიდან მოიხსნება

„მოქალაქეთა უსაფრთხოების მიზნით მომსახურების სააგენტო სრულად ითვალისწინებს საქართველოს მთავრობის უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციებს და მოქალაქეებს მოუწოდებს, რომ ადგილზე სერვისების მისაღებად პირბადით გამოცხადდნენ“, – ნათქვამია განცხადებაში.

ორშაბათიდან ყველა მსურველს შესაძლებლობა ექნება ჩააბაროს მართვის მოწმობის მისაღები პრაქტიკული გამოცდები. პირებს, რომლებმაც თეორიული გამოცდა საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებამდე ჩააბარეს და პრაქტიკულ გამოცდაზე გასვლა ვერ მოასწრეს, ამის გაკეთება დღეიდან შეუძლიათ.

გარდა ამისა, მძღოლებს საშუალება ექნებათ შეცვალონ ავტოსატრანსპორტო საშუალების ნომერი, დაარეგისტრირონ ავტომობილები და შეასრულონ სხვა ოპერაციები.

რაც შეეხება ცნობებს პირის ნასამართლეობის, სატრანსპორტო საშუალების სამართლებრივი მდგომარეობის, პირის მიერ სახელმწიფო საზღვრის კვეთისა და იარაღის რეგისტრაციის შესახებ, ამ ეტაპზე განაცხადის მიღება მხოლოდ ელექტრონული ფორმით, სააგენტოს ვებ-გვერდზეა შესაძლებელი.

ჯერჯერობით შეჩერებულია მართვის მოწმობის მიღების მსურველთა თეორიული გამოცდები და გამოცდის ჩასაბარებლად რეგისტრაციის გავლა.

სატრანსპორტო საშუალების საბაჟო და სარეგისტრაციო მომსახურება ჩვეულ რეჟიმში ხორციელდება. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტომ სერვისების ეტაპობრივი განახლება დაიწყო