კარგად ყოფნის ხელოვნება ანუ „ბოსტან-არტი“ და „ველნესი კახურად"

ბოლო დროს მსოფლიოში სულ უფრო პოპულარობას იხვეჭს ახალი მიმდინარეობა, თანამედროვე ცხოვრების ახლებური სტილი, თუ გნებავთ, კულტურა, რომელსაც ველნესი ეწოდება. უფრო მარტივად რომ ვთქვათ, ესაა ჯანმრთელი ცხოვრების წესის კონცეფცია.
Sputnik

Wellness ინგლისური ტერმინია და მომდინარეობს „Be well“ -დან, რაც კარგად ყოფნას ნიშნავს. როდესაც ჯანმრთელი ფსიქიკის, მენტალობისა და პოზიტიური განწყობის შენარჩუნება არსებული სტრესული სიტუაციის ფონზე უფრო გართულდა, ადამიანმა ცხოვრების გაუმჯობესების ახალი გზების ძიება დაიწყო. საამისოდ კაცობრიობამ შეიმუშავა ბევრი ისეთი კონცეფცია, რომელიც სიცოცხლის ხარისხს ბევრად უკეთესს გახდიდა. ველნესი - ეს ტერმინი 1959 წელს ამერიკელმა ექიმმა, ჰალბერტ დანიმ დაამკვიდრა. მანვე შეიმუშავა ჯანმრთელი ცხოვრების პრინციპები, ანუ შეიძლება ითქვას, რომ ეს გარკვეულად, კარგად ყოფნის ხელოვნებაცაა. საინტერესოა, როგორ მორეგება ველნესი ქართულ მენტალობას?..

ჟურნალისტი, ქოუჩი და წიგნის „სამასმეერთე მილიონერი“ ავტორი, თამარ საგინაშვილი ერთი მათგანია, ვინც საქართველოში ველნესის პრინციპებზე დაყრდნობით და ამ მიმართულებით, ველნეს-კლუბის და ველნეს ტურების ფორმატით პრაქტიკულად მუშაობს.

  კარგად ყოფნის ხელოვნება ანუ „ბოსტან-არტი“ და „ველნესი კახურად"

- ქალბატონო თამარ, თავად როგორ აღმოაჩინეთ ველნესი?

 -ველნესმა, როგორც ახალმა მიმართულებამ, 50-იან წლებში, თავდაპირველად პროფესიონალურ წრეებში გამოიწვია ინტერესი, შემდეგ ფართო პოპულარობა მოიპოვა ამერიკულ საზოგადოებაში, ევროპაში 90-იან წლებიდან გახდა პოპულარული. ველნესის აღმოჩენამდე ჩემთვის მთავარ საკითხს პიროვნული ზრდა წარმოადგენდა. თუმცა ხელს გვიშლიდა ის რომ, როცა ადამიანები პიროვნული ზრდით არიან დაკავებული, დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ მენტალურ და ფსიქოლოგიურ მხარეს და სხეულის მნიშვნელობას სათანადოდ ვერ აფასებენ, შესაბამისად, არც აქცევენ ყურადღებას. ამიტომ დიდხანს ვეძებდი რაიმე კომპლექსურ მიდგომას, რომელიც ადამიანს დაეხმარებოდა ერთდროულად აღედგინა ფიზიკური, მენტალური და ფსიქიკური სიჯანსაღე. მე ჩემი გამოცდილებით მივედი ასეთი კომპლექსური მიდგომის აუცილებლობამდე, სისტემაც შევქმენი, რომელსაც თავად ვიყენებ გაჯანსაღების და ენერგიულობისთვის, გონების, ემოციების და სხეულის ჰარმონიაში მოსაყვანად. მოგვიანებით აღმოვაჩინე, რომ ასეთი მიმდინარეობა დიდი ხანია არსებობს და მას ველნესი ქვია. ზოგადად, ჩემს ცხოვრებაში პიროვნული ზრდაც, ფსიქოლოგიაც, ველნესიც პირადი პრობლემებიდან გამომდინარე მოვიდა.

  კარგად ყოფნის ხელოვნება ანუ „ბოსტან-არტი“ და „ველნესი კახურად"

- ანუ ჯანმრთელობის პრობლემები გქონდათ?

- დიახ, მე დისკოზი მქონდა და საკმაოდ დიდი ხანი ლოგინად ვიყავი ჩავარდნილი. ვერანაირ პროგნოზს ვერ აკეთებდნენ. ოპერაციას ვერ გავრისკავდი. ვიცნობდი ბევრს, ვინც ოპერაცია გაიკეთა, მაგრამ ამას რეალურად არანაირი შედეგი არ მოყოლია. ბოლოს მირჩიეს გამაჯანსაღებელი-ფსიქოლოგიური მეთოდი-ეს იყო ნორბეკოვის სასწავლო-გამაჯანსაღებელი სისტემა, სადაც ფსიქოლოგიური მუშაობაც მოიაზრება და ვარჯიშებიც. მას მერე გამოვჯანმრთელდი, ჩემი ფიზიკური ტკივილიც დავძლიე. შემდეგ კი დავწერე წიგნი, რომელიც პირველი ქართული წიგნი-ტრენინგია პიროვნული ზრდის თემაზე. მისი სახელწოდებაა „სამასმეერთე მილიონერი“ .

  კარგად ყოფნის ხელოვნება ანუ „ბოსტან-არტი“ და „ველნესი კახურად"

- და ვინ არის სამასმეერთე მილიონერი?

- საქმე ისაა, რომ ნორბეკოვს გამაჯანსაღებელი სისტემის გარდა ჰქონდა თავისი მილიონერების კლუბი, სადაც იმ პერიოდისთვის 300 მილიონერი შედიოდა. ვინ იქნება სამასმეერთე? არ ვიცი, იქნებ, რომელიმე თქვენი მკითხველიც აღმოჩნდეს. ჩემთვის მილიონერობა არ განისაზღვრება თანხის რაოდენობით ანგარიშზე, კეთილდღეობა მხოლოდ ფული არ არის, ეს არის ერთიანი და მოსიყვარულე ოჯახი, ჯანმრთელობა, საყვარელი საქმე, რომელსაც ადამიანებისთვის სიკეთე მოაქვს და რასაკვირველია, შემოსავალიც. ასეთი ადამიანი ჩემთვის, პირდაპირი მნიშვნელობით, მდიდარია, ამიტომ სიტყვა მილიონერი ჩემს წიგნში ბრჭყალების გარეშეა. წიგნს ძალიან დიდი გამოხმაურება მოჰყვა, უცხო ადამიანები დღემდე მწერენ თუ როგორ შეიცვალა მათი ცხოვრება წიგნის წაკითხვის შემდეგ.

  კარგად ყოფნის ხელოვნება ანუ „ბოსტან-არტი“ და „ველნესი კახურად"

- ველნეს-ტურები, როლებსაც თქვენ აწყობდით, კლასიკური გაგებით მხოლოდ მოგზაურობა არ იყო?

- როცა იმ დასკვნამდე მივედი, რომ ველნესი ყველაზე იდეალური ვარიანტია, ამ „ჯადოსნურ“ მიმართულებაზე გადავეწყვე. სანამ კორონა აღმოჩნდებოდა, შაბათ-კვირაობით ველნეს-ტურებს ვაწყობდი ბათუმში, უფრო ადრე რამდენჯერმე საზღვარგარეთ ვიყავით სამოგზაუროდ, ონლაინ ველნეს-კლუბიც მაქვს, ჩემი მეორე წიგნიც სწორედ ველნესის თემაზე იქნება. ეს იყო გაცნობიერებული მოგზაურობა, ტურიზმი და თან მუშაობა საკუთარ თავზე, რაშიც დიდი ხალისით ერთვებოდნენ ჩემი მსმენელ-მოგზაურები. სახალისო სავარჯიშოები და დავალებები ჯერ კიდევ აეროპორტიდან იწყებოდა. დროს ტყუილად არ ვაცდენდით, როცა ქუჩაში დავდიოდით ჯგუფის წევრებს იქაც რაღაც დავალებები ჰქონდათ. ყველაფერს კონკრეტული მიზნით ვაკთებდით და კონკრეტულ შედეგებსაც ვიღებდით. მე ძირითადად ქალებთან ვმუშაობდი, ადრე ქალების კლუბიც მქონდა. ქალებისთვის მთავარი პრობლემაა საკუთრი შესაძლებლობების რეალიზების და ოჯახის შეთავსება ისე, რომ არც ერთი არ დაზარალდეს. ეს სერიოზული გამოწვევაა ჩვენი ეპოქის ქალებისთვის. ჩემი მთავარი ფასეულობა ოჯახია, მე ხუთი შვილი მყავს და სამი შვილიშვილი, ახლა მეოთხეს ველოდები. ეს ჩემი ყველაზე დიდი სიმდიდრეა.

  კარგად ყოფნის ხელოვნება ანუ „ბოსტან-არტი“ და „ველნესი კახურად"

- რა არის ყველაზე კარგი თერაპია თქვენთვის იზოლაციის დროს?

 - ამ იზოლაციაში ყოფნისას გამახსენდა, რომ ყვავილები მიყვარდა და საკუთრ მეურნეობაზეც ხშირად მიოცნებია. მომწონს ლამაზად ჩაწიკწიკებული ბოსტნეული, ბაღჩეული, დეკორატიული ელემენტებით და ყვავილებით გაფორმებული. ამიტომ სოფელში ბოსტანიც გავაკეთე და უამრავი რამ დავთესე, თან როგორც აქტიური მოტივატორი, ჩემს საქმიანობაზე ვუყვებოდი მეგობრებს ფეისბუქზე და მოტივაციას ვაძლევდი. როცა მწერდნენ: თქვენი ეშხით ხვნა-თესვა დავიწყეო, ან ყვავილები დავრგე პაწაწუნა ეზოშიო- ძალიან მიხაროდა. ბუნებასთან, მიწასთან აქტიური ურთიერთობა ბუნებრივი თერაპიაცაა, ტრენაჟორებიც, სპაც და სოლარიუმიც- ყველაფერი ერთად. მთელი კორონობა გურჯაანის რაიონის სოფელ კოლაგში მუშაობით ვიყავი დაკავებული. მთავარი, რაც ვისწავლე ამ წლების განმავლობაში არის ის, რომ გამოსავალი ყოველთვის არსებობს. წუწუნს, გაბრაზებას და ნერვების აშლას აზრი არ აქვს, მიზეზები საკუთრ თავში უნდა ეძებო, იპოვო და შეცვალო. მაშინ წუწუნის მიზეზი ნაკლებად იქნება ცხოვრებაში.

  კარგად ყოფნის ხელოვნება ანუ „ბოსტან-არტი“ და „ველნესი კახურად"

- ქართულ რეალობას როგორ მოერგო ველნესი?

-ერთადერთი პრობლემა ისაა, რომ ველნესს ქართული შესატყვისი ვერ მოვუძებნე. სხვა მხრივ, მშვენივრად ერგება. ახლა ვმუშაობ პროექტებზე: "ველნესი კახურად" და "ბუნება შენს სახლში". ანუ ველნესს ახალ მიმართულებას ვამატებ, ესაა „ველნესი კახურად," რომელსაც მალე დავაანონსებ და როგორც კი ნორმალურად გადაადგილების საშუალება იქნება, განვახორციელებ კიდეც. ადრე თუ ჩვენი ტურები ბუნებაში ყოფნა და იქ ვარჯიში თუ სხვა აქტივობების, ველნეს-პროგრამის განხორციელება იყო, ახლა ბუნებასთან ურთიერთობა იქნება მთავარი ხაზი, ანუ პირდაპირი გაგებით ურთიერთობა, როდესაც შენ და ბუნება ერთიანი ხართ, ის შენთვის, შენ - მისთვის .მაგალითად,“ბოსტნის ველნესი“- ხუმრობის გარეშე, ველნესია და თან ხელოვნების დონეზე შეიძლება აიყვანო. მე ამას „ბოსტან-არტი“ დავარქვი: ჩემს დასთან ერთდ ასევე ვიწყებთ პროექტს "ბუნება შენს სახლში" -ესაა კედელზე მოწყობილი ბუნების ვერტიკალური კუთხეები ბავშვებისა და დიდებისთვის. ბავშვებს შეეძლებათ დათესონ, მოიყვანონ, მოუარონ ყვავილებს და ბოსტნეულს, იქვე ექნებათ პატარა იარაღები და თვითეული მცენარის მოვლის დეტალურად გაწერილი წესები.

  კარგად ყოფნის ხელოვნება ანუ „ბოსტან-არტი“ და „ველნესი კახურად"

-შეგიძლიათ ჩვენს მკითხველებს მისცეთ რაიმე ზოგადი რჩევა, რომელიც ყველაზე მეტად ამართლებს?

-რჩევის მიღება სხვისგან იშვიათად რომ ვინმეს უყვარდეს, ამიტომ მხოლოდ საკუთარ თავზე ვიტყვი. ნებისმიერ სიტუაციაში მადლობელი ვარ ყველაფრის, რაც ხდება და ზუსტად ვიცი, რომ თუ რამე ისე არ ხდება, როგორც მე მინდა, მხოლოდ იმიტომ, რომ ჩემთვის ასე უფრო უკეთესია. ანუ საჭიროა მადლიერება და მიმღებლობა ყველაფრისა, რაც ხდება. ქრისტიანობა ამ ყველაფერს გვასწავლის. ამიტომ როცა არ ვიცი ხოლმე როგორ მოვიქცე, უბრალოდ ვენდობი უფალს და სამყაროს, დარწმუნებული ვარ, ყველაფერი ისე იქნება, როგორც ჩემთვისაა უკეთესი. კიდევ ერთი შეუცვლელი ინგრედიენტი - სიყვარული, უპირობო სიყვარული, რომლის გარეშე არაფერი არსებობს არც ბედნიერება და არც კეთილდღეობა...