სახალხო დამცველი სახელმწიფოს LGBT თემის უფლებების დაცვისკენ მოუწოდებს

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, მნიშვნელოვანია გავიაზროთ, რომ საქართველოში, სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის გამო ადამიანის უფლებების დარღვევა კვლავ მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს
Sputnik

თბილისი, 17 მაისი - Sputnik. დღეს არის კრიტიკული მომენტი, როდესაც სახელმწიფომ უნდა გაიაზროს ლგბტ+ ადამიანების უფლებრივი მდგომარეობის კუთხით არსებული პოლიტიკა და შეიმუშავოს კომპლექსური სტრატეგია, ნათქვამია სახალხო დამცველის აპარატის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ოჯახის სიწმინდის დღეს სასულიერო პირებმა თბილისს მანქანებით შემოუარეს - ვიდეო

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, მნიშვნელოვანია იმის გაზიარება, რომ საქართველოში სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის გამო ადამიანის უფლებების დარღვევა კვლავ მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს.

„საგანგებო რეჟიმის ფონზე გამოწვევები უფრო თვალსაჩინო გახდა. მათ შორის, დასაქმების შესაძლებლობების არარსებობის, გაზრდილი ძალადობის რისკების, საცხოვრებლით და კვებით უზრუნველყოფის მიმართულებით. თუმცა, ლგბტ+ ადამიანების სოციალური და ეკონომიკური საჭიროებები ანტიკრიზისულ ეკონიმიკურ გეგმაში გათვალისწინებული არაა. ამასთან, მათი უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის სხვა ღონისძიებებიც არ ტარდება“, - ნათქვამია განცხადებაში.

სახალხო დამცველის აპარატი ნათლად განმარტავს, რომ გენდერული ძალადობის მასშტაბები შემაშფოთებელია; ლგბტ წარმომადგენლების უფლებრივ მდგომარეობას განსაკუთრებით ამძიმებს ის ფაქტი, რომ არსებული ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების მექანიზმები არ ითვალისწინებს ლგბტ+ თემის წინაშე არსებულ სპეციფიურ პრობლემებსა და გამოწვევებს.

„ლგბტ+ თემის წევრებისთვის ყოველწლიურად უფრო რთული ხდება გამოხატვის და შეკრების თავისუფლებებით სარგებლობა. მათ მიერ საკუთარ უფლებებსა და ინტერესებზე ღიად საუბარს და საჯარო სივრცეებში შეკრების მცდელობას საზოგადოების ნაწილის მხრიდან აგრესიული გამოხმაურება მოჰყვება“, - განმარტავს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია.

ილია მეორე: „ოჯახი შესდგება ცოლისგან, ქმრისა და შვილებისგან...“

მისივე განმარტებით, განსაკუთრებით საგანგაშოა ბოლო წლებში რადიკალური და ძალადობრივი ჯგუფების გააქტიურება, რომელთა ქმედებები თემის წევრების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას რეალურ საფრთხეს უქმნის.

„სამწუხაროდ, სახელმწიფოს მიერ აღნიშნულის საპასუხოდ გატარებული ღონისძიებები არასაკმარისია. უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესებას მნიშვნელოვნად აფერხებს საჯარო პირების, მათ შორის, პოლიტიკოსების მიერ საჯაროდ გამოთქმული ჰომოფობიური და ტრანსფობიური შინაარსის მოსაზრებები, რაც თემის მეტად სტიგმატიზაციას ახდენს და საზოგადოებაში ისედაც არსებულ უარყოფით წინასწარ განწყობებს აძლიერებს“, - ნათქვამია განცხადებაში.

მათივე განმარტებით, დადგა კრიტიკული მომენტი, როდესაც სახელმწიფომ უნდა გაიაზროს ლგბტ+ ადამიანების უფლებრივი მდგომარეობის კუთხით არსებული პოლიტიკა და შეიმუშავოს კომპლექსური სტრატეგია, რომელიც მიმართული იქნება ლგბტ+ პირთა წინაშე არსებული პრობლემების გადაწყვეტისაკენ. ამასთან, მნიშვნელოვანია შეიქმნას უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფი, რომელიც არსებული გამოწვევების საპასუხოდ ქმედით ღონისძიებებს გაატარებს.

თბილისის ანძა თურქმენეთის დროშის ფერებში განათდება >>

17 მაისი ჰომოფობიასთან, ტრანსფობიასთან და ბიფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა, რომლის აღნიშვნა 1990 წელს, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ ჰომოსექსუალობის დაავადებათა ნუსხიდან ამოღებას უკავშირდება.