თბილისი, 17 მაისი - Sputnik. დიდი რაოდენობით ნარკოტიკული ნივთიერება აღმოაჩნდა პაციენტს, რომელიც ერთ-ერთი საკარანტინო სივრციდან თერჯოლის ცხელების ცენტრში გადაიყვანეს.
ექიმების განცხადებით, მამაკაცი სამედიცინო დაწესებულებაში შსს-ს თანამშრომლების მიერ ჩატარებული შესაბამისი შემოწმების შემდეგ დააკავეს.
„პაციენტს კორონავირუსი არ დაუდასტურდა. ლაბორატორიიდან უარყოფითი პასუხის მიღების შემდეგ, ის გადაიყვანეს ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში, სადაც კლინიკის უსაფრთხოების სამსახურმა დიდი რაოდენობით ნარკოტიკული ნივთიერება აღმოაჩინა. ამის შესახებ შესაბამის სტრუქტურებს ეცნობათ“, - განაცხადა კლინიკის დირექტორმა ლადო კეპულაძემ პირველი არხის ეთერში.
შსს-ს პრესსამსახურის განცხადებით, დაკავებულის მიმართ სისხლის სამართლის საქმის გამოძიება დაიწყო სსკ-ის 260-ე მუხლით (ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის უკანონო დამზადება, წარმოება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა ან გადაგზავნა).