წარმოუდგენელია, ერთმა პატარა ვირუსმა როგორ წამართვა ერთ დღეში ყველაფერი... იმდენად იმოქმედა სახლში ჩაკეტილობამ ჩემზე, რომ ეს ბოლო ორი თვეა აღარც სწავლის და აღარც მუშაობის სურვილი აღარ მაქვს. აღარც ერთი ფილმი, სერიალი, წიგნი, თამაში, სტატია, ნახატი თუ მუსიკა რომელიც ერთ დროს მოტივაციის წყაროდ მქონდა ქცეული, უკვე ვეღარ მხიბლავს და ჩემი რაიმე პროდუქტიულის გაკეთების ყოველი მცდელობა კრახით მთავრდება...
უკვე ორი თვეა ვზივარ სახლში, ოთხ კედელს შუა, ვუყურე ყველა ფილმს რისთვისაც კი მინდოდა მეყურებინა, ყველა სერიალს. ესენი რომ მოვილიე, წიგნებს მივადექი - მერე კომპიუტერულ თამაშებს. მოკლედ, ყველაფერი რისი გაკეთებაც დროის არ ქონის გამო არ შემეძლო ამ ორ თვეში ჩავატიე. ვიცი, რომ კიდევ ბევრია საკითხავი და სანახავი, მაგრამ სიმართლეს გეტყვით და დავიღალე. დავიღალე ამდენი თავისუფალი დროის ქონით.
არადა არასოდეს მიყვარდა უძრავად ყოფნა. სულ გარეთ მიმიწევდა გული, მაგრამ ახლა „დარჩით სახლშის“ - გარდა ვეღარაფერს გაიგებ ტელევიზორიდან, ალბათ ასეც არის საჭირო და ვრჩებით კიდევაც, მაგრამ ის მაინც გვითხარით, ამდენი ხანი ოთხ კედელს შორის გამოკეტილებმა რა ვაკეთოთ.
თავიდან, როგორც ყველა, მეც ვფიქრობდი, რომ ორ კვირიანი დასვენება არ იქნებოდა ცუდი, მაგრამ ორი კვირა ორ თვედ რომ იქცა, მაშინ უკვე გავაანალიზე, რომ სახლში ჯდომისგან გაგიჟება არ ამცდებოდა.
ზემოთ აღშნიშნული რისკის შემცირება კი სასმელით დავიწყე. ისე, რომ ჩემს ოჯახს ამის შესახებ არ გაეგო და ალბათ ვერც ვერასოდეს გაიგებდნენ, საქვეყნოდ რომ არ გამომეჭენებინა სტატიაში.
მოკლედ, როგორც ყველა ქართველს, მეც მიყვარს დალევა, თან ამ კარანტინის გადამკიდე მე კი არა, ყველა თქვენი მეგობარი, ვის ხელში ლუდის ბოთლიც კი არ დაგინახავთ, ცოტათი მაინც ეტანება სასმელს. აბა ისე აქამდე აუცილებლად გადავიდოდა ჭკუიდან. ამას მაშინ მივხვდი, როცა რამდენიმე დღის წინ მარტოობით შეწუხებულმა ჩემმა მეგობარმა დამირეკა და უცბად ერთმანეთის მოკითხვა და ლაპარაკი სმაში გადაგვეზარდა. ყოველი ჭიქის მერე თითო ადამიანს ვამატებდით სასაუბრო ჩატში და აღარ გაგიკვირდებათ თუ გეტყვით, რომ ყველა მათგანმა გამოაჩინა მშობლებისგან გადამალული სასმელი და მოგვეხმარა მამაპაპურ საქმიანობაში.
ზოგადად ქართველები ხშირად ვსვამთ განსხვავებულებით და ზიარების არ იყოს - ერთი სასმისიდან. მერე ჩახუტება და მოფერება... სიმთვრალისას ხომ საერთოდ სიყვარულის ბუშტი გვისიკდება და ძალიან ბევრს ვიკოცნებით ხოლმე უაზროდ. ახლა კიდევ რა ხდება - ერთი სასმისიდან დალევა და კოცნა კი არა ერთ მეტრზეც ვეღარ ვუახლოვდებით ერთმანეთს. აღარც აზრების გაცვლა თანამოსაუბრესთან, აღარც ხმაური, აღარც ყვირილი, აღარც ხმამაღალი მუსიკა, აღარც ხუმრობა და სიცილი. ასე ყველაფრისგან იზოლირება ძალიან ძნელია, მაგრამ სხვა გზა არ არის...
ღვინო გაზიარებისთვისააო, ნათქვამია. ყოველთვის სირცხვილად მიმაჩნდა მარტო დალევა, რადგან ჩემთვის სულ ლოთობასთან და უსაქმურობასთან ასოცირდებოდა. ახალმა კორონა ვირუსმა ყველანაირი შეხედულება შეცვალა და ყველანი ჩვენთვის ჯერ კიდევ უცნობ სიტუაციაში ჩაგვყარა.
აქვე მინდა გითხრათ, რომ თუ ალკოჰოლთან პრობლემები გაქვთ, თუ დამოკიდებული ხართ მასზე ანდა დეპრესია გაწუხებთ დალევა გამოსავალი არასოდეს არის არის.
თუმცა სხვა შემთხვევაში რატომაც არა, შეიძლება ვახშამთან ერთად ვისიამოვნოთ ერთი ჭიქა ღვინით.
ქართველი მწერლის აკა მორჩილაძის სიტყვებით: „ღვინო რომ არ იყოს, საქართველოც არ იქნებოდა. თუკი საქართველო რამეს უჭირავს, ერთ-ერთი ამათგანი არის ღვინო. იცინი - სვამ, ტირი - სვამ, სვამ დილიდან და ნაშუაღამევს. ღვინო აერთიანებს და აცალკევებს, ღვინო მალავს იმ დარდებს და აღვიძებს მსახიობობის სურვილს, ღვინო შვებასა გვრის ამტან კაცს და ეხმარება მას მოქნილ აზრთა დალაგებაში“.
ჩვენ ყველანი, ჩვენი ცხოვრების რამდენიმე თვეს ვწირავთ ისევ ჩვენივე თავის, ჩვენივე ოჯახისა და გარშემომყოფების კეთილდღეობისათვის. თავს ვარიდებთ მოგზაურობას, ბარებში სიარულს, აღარ ვნახუალობთ მეგობრებს, აღარც ვმუშაობთ, ვეღარც ვსწავლობთ და ვკარგავთ ძვირფას დროს ისევ და ისევ ჩვენი კეთილდღეობისთვის.
თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ ყველანაირი გასართობი უნდა მოვიკლოთ და სახლში გამოკეტილებმა ვიგლოვოთ. ჩემი რჩევა იქნება, რომ ყველამ ისიამოვნოს ამ რამდენიმეთვიანი დასვენებით და ასე შორიდან თითო ჭიქით სადღეგრძელო შევსვათ იმ დღის, როცა ჩვენ ყველა ისევ ერთად შევიკრიბებით.
ჯერჯერობით კი დარჩით სახლში!