COVID-19 - ბოლო ცნობები

საგარეო საქმეთა სამინისტრო: სამშობლოში 11,2 ათასზე მეტი თანამემამულე დაბრუნდა

მსოფლიოში COVID-19-ის ვირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით საქართველოს საგარეო უწყება, საზღვარგარეთ დიპლომატიურ მისიებთან კოორდინაციაში, ქვეყნის მოქალაქეებს აქტიურად ეხმარება.
Sputnik

თბილისი, 16 მაისი - Sputnik. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ძალისხმევით კორონავირუსის პანდემიის გამოცხადების შემდეგ უცხოეთიდან სამშობლოში 11 235  თანამემამულე დაბრუნდა, ნათქვამია საგარეო უწყების განცხადებაში.

ამსტერდამი-თბილისის სპეცრეისით საქართველოში 180 მოქალაქე დაბრუნდა

რაც შეეხება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს, საელჩოებმა დახმარება 20  538 თანამემამულეს აღმოუჩინეს.  

მსოფლიოში საშიში ვირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით საქართველოს საგარეო უწყება, უცხოეთში დიპლომატიურ მისიებთან კოორდინაციაში, აქტიურად ეხმარება ქვეყნის მოქალაქეებს, რომლებიც საქართველოს საზღვრებს გარეთ იმყოფებიან. მათ, საჭიროებისამებრ, უზრუნველყოფენ საცხოვრებლით, საკვებითა და მედიკამენტებით, ასევე ეხმარებიან სამშობლოში დაბრუნებაში.

მოქალაქეების სამშობლოში ეტაპობრივი დაბრუნების ეფექტიანი ორგანიზების და მათი ადგილზე დახმარების მიზნით, მოქალაქემ უნდა შეავსოს  ელექტრონული ფორმით სპეციალური განაცხადი, რომელიც გამოქვეყნებულია სამინისტროს ვებ-გვერდსა და საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ვებ-გვერდებზე. აღნიშნულ განაცხადში მოცემული მონაცემების დამუშავების შემდგომ მიღებული იქნება შესაბამისი გადაწყვეტილება.

თურქეთში საქართველოს საელჩო ქვეყანაში მყოფ ქართველებს აფრთხილებს >>

უწყების ცნობით,  უახლოეს დღეებში დაგეგმილი სპეცრეისების განრიგი ასეთია: 18 მაისი - ლარნაკა-თბილისი; 20 მაისი - ათენი-თბილისი; 22 მაისი - რომი-თბილისი.

ფრენებს ახორციელებს ქართული ავიაკომპანია Georgian Airways. ბილეთის ფასია 199 ევრო.

თითოეული დაბრუნებული მოქალაქე სპეციალურ ზონებში მედიკოსების დაკვირვებით სავალდებულო ორკვირიან კარანტინს გაივლის.