თბილისი, 16 მაისი - Sputnik. მიმდინარე კვირაში საქართველოში საგანგებო მდგომარეობის დარღვევის 747 ფაქტი გამოვლინდა, ნათქვამია შსს-ს ვებგვერდზე გავრცელებულ მასალებში.
საგანგებო მდგომარეობა საქართველოში კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო 21 მარტს გამოცხადდა. ათი დღის შემდეგ მთავრობამ ზომები კიდევ უფრო გაამკაცრა. აიკრძალა სამ კაცზე მეტი პირის შეკრება, სავალდებულო გახდა ორმეტრიანი სოციალური დისტანციის დაცვა და კომენდანტის საათის დროს სათანადო ნებართვის გარეშე ქუჩაში გასვლა აიკრძალა.
მიმდინარე კვირაში ყველაზე გავრცელებული დარღვევა იყო კომენდანტის საათის დარღვევა, რომელიც საქართველოში 21:00 საათიდან 06:00 საათამდე მოქმედებს. ბოლო შვიდ დღეში აკრძალვა 632 ადამიანმა დაარღვია.
მეორე ადგილზეა სოციალური დისტანციის დაცვის დარღვევა და სამ კაცზე მეტი პირის შეკრების აკრძალვა. ერთ კვირაში 67 მსგავსი შემთხვევა გამოვლინდა.
გარდა ამისა, 10-16 მაისს პოლიციის თანამშრომლებმა ავტომობილით გადაადგილების და მგზავრთა გადაყვანის წესების 43 დარღვევა გამოავლინეს. წესების მიხედვით, ავტომობილში დაშვებულია მხოლოდ ორი მგზავრი, თანაც უკანა სავარძელზე.
ასევე, ბოლო კვირაში თვითიზოლაციის დარღვევის 4 ფაქტი და ეკონომიკური საქმიანობაზე დაწესებული შეზღუდვების 1 ფაქტი დაფიქსირდა.
COVID-19 საქართველოში: ქართველი ექიმები ორი პაციენტის ინფიცირების წყაროს ადგენენ >>
საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევა იწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას – ფიზიკური პირის დაჯარიმებას 3 ათასი ლარით, ხოლო იურიდიული პირის – 15 ათასი ლარით.
26 თებერვლიდან 16 მარტამდე საქართველოში კორონავირუსი 677 ადამიანს დაუდასტურდა, გამოჯანმრთელდა 419 ადამიანი, გარდაიცვალა – 12. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 3873, ხოლო სტაციონარებში დაკვირვების ქვეშ 393 პაციენტია. ასევე კორონავირუსის დიაგნოზით უცხოეთიდან სამშობლოში გადმოყვანილია საქართველოს სამი მოქალაქე.