17 მაისს სასულიერო პირები ავტოკოლონით მსვლელობას მოაწყობენ და მოსახლეობას დალოცავენ

ავტოკოლონით მსვლელობა 13:00 საათზე თბილისში წმინდა სამების საკათედრო ტაძრის მიმდებარე ტერიტორიიდან დაიწყება.
Sputnik

თბილისი, 16 მაისი - Sputnik. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე ხვალ საზეიმო წირვის შემდეგ ოჯახებს, დედაქალაქსა და სრულიად საქართველოს დალოცავს, ნათქვამია საქართველოს საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

17 მაისს საქართველოში ოჯახის სიწმინდის დღე აღინიშნება.

„ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის წილხვდომილობის ერთ კვირიანი ზეიმის დასრულების, აწყურის ღვთისმშობლის ხატის თბილისში შემობრძანებისა, ოჯახის სიმტკიცისა და სიწმინდის დღესთან დაკავშირებით კვირას, 17 მაისს, საზეიმო წირვის შემდეგ, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე ოჯახებს, დედაქალაქსა და სრულიად საქართველოს დალოცავს“, - აღნიშნულია განცხადებაში.
პატრიარქი: უფალი ხედავს, რომ საქართველო გაბრწყინდება და იმოქმედებს სხვა ერების ცხოვრებაზე

პატრიარქის კურთხევით, სასულიერო პირები ხატებითა და ნაკურთხი წყლის სხურებით შემოივლიან თბილისის ქუჩებს და დალოცავენ მოსახლეობას.

საპატრიარქოს ცნობით, ავტოკოლონით მსვლელობა 13:00 საათზე წმინდა სამების საკათედრო ტაძრის მიმდებარე ტერიტორიიდან დაიწყება.

ოჯახის სიწმინდის დღე საქართველოში 2013 წელს დაწესდა, როდესაც ლგბტ საზოგადოების მოწინააღმდეგეებმა ჰომოფობიის წინააღმდეგ გამართული აქცია სასტიკად დაარბიეს. მათი ქმედების შედეგად 2013 წლის 17 მაისს 30 ადამიანი დაშავდა. ამის შემდეგ ლგბტ საზოგადოების დამცველთა აქციები პოლიციის დაცვის გარეშე არ გამართულა, ოჯახის სიწმინდის დღე კი რეგულარულად და მასშტაბურად აღინიშნება.