COVID-19 - ბოლო ცნობები

უცნობი სინდრომი ბავშვებში: ჯანმო მსოფლიოს ექიმებს „კრიტიკულ აუცილებლობაზე“ აფრთხილებს

ჯანმოს გენერალურმა დირექტორმა მსოფლიოს ექიმებს მოუწოდა, მზად იყვნენ ბავშვებში უცნობი სინდრომის შემთხვევებისთვის
Sputnik

თბილისი, 15 მაისი - Sputnik.  ჯანდაცვის მოსფლიო ორგანიზაციის გენერალური დირექტორი ტედროს ადამონ გებრეიესუსი ექიმებს მოუწოდებს, განსაკუთრებულად გაამახვილონ ყურადღება ბავშვებში კავასაკის დაავადების მსგავს ახალ ანთებით სინდრომზე, რომელიც შესაძლოა COVID-19–ს უკავშირდებოდეს. 

ბავშვებში უცნობი სინდრომის შემთხვევები მატულობს: საგანგაშო სტატისტიკა აშშ-ში

„ბოლო კვირების განმავლობაში ევროპიდან და აშშ–დან მიღებული ინფორმაცია გვამცნობდა ინტენსიური თერაპიის განყოფილებებში მოთავსებული მცირე რაოდენობის  ბავშვების შესახებ, რომლებსაც კავასაკის დაავადებისა და ტოქსიკური შოკის მსგავსი მულტისისტემური ანთება განუვითარდათ. თავდაპირველი მოსაზრებებით, ეს სინდრომი COVID-19–ს უკავშირდებოდა. კრიტიკულად აუცილებელია, სწრაფად და კორექტულად განისაზღვროს ეს კლინიკური სინდრომი, რათა დადგინდეს მისი მიზეზები და აღიწეროს მკურნალობა“, — განაცხადა გებრეიესუსმა ჟენევაში გამართულ პრესკონფერენციაზე.

უცნობმა სინდრომმა სამი ბავშვი იმსხვერპლა: ამერიკელი ექიმები COVID-19-თან კავშირს იკვლევენ>>

მისი თქმით, ჯანმომ, ექიმების ქსელთან ერთად მთელ მსოფლიოში, შეიმუშვა ბავშვებში ახალი მულტისისტემური ანთებითი სინდრომის შემთხვევათა წინასწარი აღწერა.

„მოგიწოდებთ მსოფლიოს ყველა ექიმს, იმუშავოთ ეროვნულ ხელისუფლებებთან და ჯანმოსთან, იყოთ მზად და უკეთ ჩაწვდეთ ამ სინდრომს ბავშვებში“, — ხაზგასმით აღნიშნა ჯანმოს–გენერალურმა დირექტორმა.

აღსანიშნავია, რომ უცნობმა ანთებითმა სინდრომმა უკვე იმსხვერპლა სამი ბავშვი აშშ–ში.  

მანამდე დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის ეროვნული სისტემის (NHS) წარმომადგენლებმა გაფრთხილება გაუგზავნეს ყველა ქვეყნის ექიმებს, რომ ბავშვებში სისტემური ანთებითი სინდრომის შემთხვევები იმატებდა, რა დროსაც პაციენტებს  აღენიშნებოდათ მუცლის ტკივილი და გულის პრობლემები, და რომ ეს შეიძლებოდა კორონავირუსთან ყოფილიყო კავშირში.

სახიფათო და იშვიათი: ბავშვებში უცნობი სინდრომის შემთხვევების რაოდენობა იზრდება>>

რაც შეეხება კავასაკის სინდრომს, ის თავისთავად ასევე ამოუცნობი დაავადებაა. ეს არის სისტემური ვასკულიტი, რომელიც არტერიებს აზიანებს. დაავადება ძირითადად ჩნდება ერთიდან ხუთ წლამდე ასაკის ბავშვებში. სინდრომის წარმოშობის მიზეზი დაუდგენელია და მისი პირდაპირი მკურნალობის მეთოდიც არ არსებობს.