იმ პირებს შორის, რომელთაც COVID-19 დაუდგინდათ, ერთი მედიცინის მუშაკია

ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსი 671 ადამიანს გამოუვლინდა. კარანტინში 3 873 მოქალაქე იმყოფება.
Sputnik

თბილისი, 15 მაისი - Sputnik. ბოლო დღე-ღამის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 19 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ერთი მათგანი - მედიცინის მუშაკია. ამის შესახებ ჟურნალისტებს თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ განუცხადა.

19 ახალი შემთხვევიდან 17 ბოლნისის კლასტერს უკავშირდება, ერთი მედიცინის მუშაკია და კიდევ ერთი კლინიკაში საკარანტინო სივრციდან გადაიყვანეს.

თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში სამი ახალი პაციენტია, ყველა მათგანი ერთი ოჯახის წევრები არიან. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა. გუშინ კლინიკაში კორონავირუსისგან ერთი მოზარდი განიკურნა. სტაბილურად კრიტიკულია ერთი პაციენტის მდგომარეობა. 

ბოლნისის მუნიციპალიტეტში კორონავირუსის ახალი შემთხვევები გამოვლინდა

ეზუგბაიას სიტყვებით, მიუხედავად იმისა, რომ კარანტინისა და საგანგებო მდგომარეობის შეზღუდვები ქვეყანაში თანდათანობით იხსნება, პანდემიის პერიოდში გამომუშავებული ქცევის წესები საზოგადოებამ კვლავაც უნდა გამოიყენოს.

„ჩვენ უნდა დავიწესოთ თვითშეზღუდვა და მაქსიმალურად ვეცადოთ. სწორედ ჩვენ თვითშეზღუდვაზეა დამოკიდებული ის, თუ მომავალში როგორ გავრცელდება დაავადება ჩვენს ქალაქსა და ქვეყანაში. რაც შეეხება მოწოდებას „დარჩი სახლში!“ - ასეთი კატეგორიულები არ ვართ, მაგრამ თუ სახლში არ დარჩებით, მაქსიმალურად უნდა გაითვალისწინოთ ყველა შეზღუდვა“, - აღნიშნა ეზუგბაიამ.

ამ მომენტისთვის კლინიკებში, რომლებიც კორონავირუსის დიაგნოზით პაციენტებს მკურნალობენ, 266 ადამიანია მოთავსებული. თბილისის ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკაში ექვსი ახალი პაციენტი ბოლნისიდან და საკარანტინო სივრციდან გადაიყვანეს, სამი მათგანი ბავშვია.

დღეს კლინიკას ორი პაციენტი დატოვებს. ორივე მოზარდია. საავადმყოფოში მკურნალობას აგრძელებს 56 ადამიანი, მათგან ათი – მოზარდია. მათი მდგომარეობა ფასდება, როგორც საშუალო სიმძიმის.

თბილისის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა ლევან რატიანმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ უკვე მეშვიდე დღეა, რაც კლინიკაში ახალი პაციენტი არ შესულა. ამ მომენტისთვის კლინიკაში კორონავირუსის დიაგნოზით 38 პაციენტი მკურნალობს. 

„საქართველო პიკზეა“ - ამირან გამყრელიძე სიფრთხილისკენ მოუწოდებს

საავადმყოფოს დღეს ერთი პაციენტი დატოვებს, დღის ბოლოსთვის კი გამოჯანმრთელებულთა რაოდენობას შეიძლება ოთხი ადამიანი დაემატოს. რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება ორი პაციენტი. ერთი მათგანის მდგომარეობა სტაბილურია.

რაც შეეხება დანარჩენ პაციენტებს, მათი მდგომარეობა სტაბილურია. ორი მათგანი - ორსული ქალბატონია და მათი მდგომარეობაც დამაკმაყოფილებლად ფასდება.

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის თქმით, 10 მარტიდან სამედიცინო დაწესებულებამ კორონავირუსის სიმპტომების მქონე დაახლოებით 1,5 ათასი პაციენტი მიიღო, მათგან ვირუსი დაუდასტურდა 163-ს. 125-მა უკვე დატოვა კლინიკა. 

„იმედი მაქვს, ასე გაგრძელდება. კლინიკაში პაციენტები ორ სართულზე არიან განთავსებული. დღეს მთავრდება მე-15 დღე იმ მედპერსონალისთვის, რომელიც მკაცრ კარანტინში იმყოფებოდა. მათ კორონავირუსი არ დაუდასტურდათ. ისინი კლინიკას მე-14 დღეს დატოვებენ. ახლა მუშაობას ახალი ბრიგადა შეუდგა. იმედია, ამ ეტაპზე ეს ბოლოა და 1 ივნისიდან კლინიკა შეწყვეტს კორონავირუსთან ბრძოლას და მუშაობის ჩვეულებრივ რეჟიმზე გადავა. ისევე, როგორც მე, ეს მთელ საქართველოს ძალიან უნდა“, - განაცხადა რატიანმა.

სამთავრობო ვებ-გვერდზე StopCov გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, კორონავირუსი საქართველოში 671 ადამიანს გამოუვლინდა, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს სამი მოქალაქე, გამოჯანმრთელდა 393 პაციენტი, გარდაიცვალა 12. კარანტინში იმყოფება 3 873 მოქალაქე, ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ კი 404 ადამიანი.

კორონავირუსის ახალ შემთხვევებს შორის ერთ-ერთი მედიცინის მუშაკია.