გიორგი გახარია: „ტელესკოლის“ ფორმატმა საერთაშორისო აღიარება მოიპოვა

პროექტ „ტელესკოლისა“ და ონლაინ–სწავლების წყალობით საქართველოში მიმდინარე სასწავლო წელი აკადემიურ წლად არ გამოცხადდება.
Sputnik

თბილისი, 15 მაისი – Sputnik. საქართველოს განათლების სამინისტროსა და საზოგადოებრივი მაუწყებლის "პირველი არხის" მიერ შექმნილი ფორმატი „ტელესკოლა“ პოპულარული არა მარტო საქართველოში გახდა, არამედ საერთაშორისო აღიარება მოიპოვა, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განათლების პროგრამის პრეზენტაციაზე. 

„ტელესკოლა“ ერთ-ერთი საუკეთესოა: ევროპის მაუწყებელთა კავშირმა ვიდეორგოლი გადაიღო

როგორც გახარიამ აღნიშნა, განათლების სამინისტრომ შეძლო ძალიან სწრაფად მობილიზება და დისტანციური ონლაინ-გაკვეთილების დანერგვა, თუმცა არიან მოსწავლეები, რომელთაც ინტერნეტთან წვდომა არ აქვთ. შესაბამისად, შეიქმნა „ტელესკოლა“ საზოგადოებრივ მაუწყებელთან ერთად.

„რამდენადაც საქართველოში არიან ადამიანები, რომლებსაც ინტერნეტთან წვდომა არ აქვთ, განათლების სამინისტრომ ამ პრობლემის გადაჭრა გადაწყვიტა და საზოგადოებრივ მაუწყებელთან ერთად შექმნა ისეთი ფორმატი, როგორიც არის „ტელესკოლა“, რომელიც არა მხოლოდ საქართველოში გახდა პოპულარული, არამედ საერთაშორისო აღიარებაც მოიპოვა. ძალზე მნიშვნელოვანია, რომ „ტელესკოლა“ არის ფორმატი, რომელიც ეთნიკური უმცირესობების ენებზეც მაუწყებლობს და თითოეულ მოსწავლეს საშუალებას აძლევს, არ ჩაუვარდეს სასწავლო წელი. ამ ნაბიჯების შედეგია ის, რომ საქართველოში 2019-2020 სასწავლო წელი აკადემიურ წლად არ გამოცხადდება“, – განაცხადა პრემიერმა.

მისი თქმით, საქართველოში სასწავლო წელი დისტანციურად, ონლაინ–რეჟიმში, ჩვეულებრივად ხორციელდება. შესაბამისად, XII კლასელები სასწავლო წელს 20 მაისს დაასრულებენ, პირველკლასელები - 27 მაისს, ხოლო დანარჩენები – 15 ივნისს.

ამასთან, პრემიერმა აღნიშნა, რომ მიუხედავად გლობალური პანდემიისა, განათლების რეფორმა გაგრძელდება. როგორც მან განმარტა, ბოლო წლებში განათლება საქართველოს მთავრობის ნომერ პირველი პრიორიტეტი გახდა. 

განათლების პროექტი „ტელესკოლა“ მილიონზე მეტმა ადამიანმა ნახა

„დაწყებული განათლების სისტემური რეფორმა გაგრძელდება და ჩვენი მიზანია, რომ მიუხედავად გლობალური პანდემიისა, ამ რეფორმას არაფერი დაემუქროს. ეს რეფორმა უნდა გაგრძელდეს. ეს რეფორმა შეიძენს ახალ, დამატებით აქცენტებს, რაც ორიენტირებული იქნება უფრო დისტანციურ სწავლებაზე და სწავლების სხვადასხვა ფორმაზე. განათლების სისტემის რეფორმირება რჩება მთავრობის პრიორიტეტად“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

მისი სიტყვებით, პანდემიის შემდგომ გლობალური კონკურენცია იქნება გაცილებით მძაფრი და ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ მომავალმა თაობამ შესაბამისი ადგილი დაიკავოს ამ გლობალურ კონკურენციაში.

ტელესკოლა“ განათლების სამინისტროსა და საზოგადოებრივი მაუწყებლის ერთობლივი პროექტია, რომელმაც სტარტი 30 მარტს აიღო. განათლების სამინისტრომ მოამზადა გაკვეთილების ცხრილი, რომელიც მოიცავს საქართველოს ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ დისციპლინებს.

ტელეგაკვეთილებს გამოცდილი მასწავლებლები ატარებენ.

გაკვეთილები მოიცავს როგორც ქართულ, ასევე არაქართულენოვან სექტორს (სომხური, აზერბაიჯანული). ტელეგაკვეთილები უზრუნველყოფილია სურდოთარგმანით.