თბილისი, 13 მაისი — Sputnik. ანდაზა, რომელიც საუზმის საკუთარი თავისთვის შენახვას, ხოლო ვახშმის მტრისთვის დათმობას გვირჩევს, ბოდვაა და მეტი არაფერი, ამბობს ცნობილი კარდიოქირურგი, რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი ლეო ბოკერია.
აკადემიკოსმა სატელევიზიო ინტერვიუში საკუთარი დღის რეჟიმის შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ უკვე 45 წელია, რაც დილის 05:45 საათზე იღვიძებს. მისი საუზმე, რომელსაც ათობით წელია მეუღლე უმზადებს — ხაჭოა.
„ვყიდულობ რძესა და ნაღებს, მეუღლე კი ყოველდღე მიკეთებს მათგან ხაჭოს. ვჭამ და მივდივარ სამსახურში“, — ამბობს სახელოვანი ექიმი.
ირკვევა, რომ აკადემიკოსი სამსახურში არ სადილობს, ოპერაციის დასრულების შემდეგ კი ხაჭოთი, იოგურტით ან ხილით ნაყრდება.
შინ ბოკერია საღამოს რვა საათისთვის ბრუნდება და „მაშინ იწყება ჭამა“.
როგორც ირკვევა, ლეო ბოკერია აკვირდებოდა დიდი ამერიკელი ქირურგების ცხოვრების წესს და აღმოაჩინა, რომ ისინი დაახლოებით შვიდი საათისთვის ბრუნდებიან შინ, სადაც სამი–ოთხი თავი კერძი და სპირტიანი სასმელი ელოდებათ, ნოყიერი ვახშმის შემდეგ კი ან აუზში ცურავენ, ან ჩოგბურთს თამაშობენ, ან კიდევ ცხენებითა თუ მოტოციკლებით სეირნობენ.
„სინამდვილეში, თუ დილით მაძღრისად ისაუზმებთ, საჭმლის გადამამუშავებელი სისტემა ბრძმედივით იწყებს მუშაობას. ამიტომ ადამიანს წამოწოლა და ძილი უნდება“, — განმარტა აკადემიკოსმა.
სწორედ ამიტომაა, რომ ლეო ბოკერია დილით მსუბუქად საუზმობს, ხოლო საღამოს გემრიელად და ნოყიერად ვახშმობს, რის შემდეგაც ფიზიკურად იტვირთავს თავს.