როგორი იქნება ცხოვრება ასი წლის შემდეგ: ფუტურისტები სენსაციურ პროგნოზს აქვეყნებენ

ადამიანები კერძებს 3D პრინტერებზე დაბეჭდავენ, განიკურნება მემკვიდრეობითი დაავადებები და უნაყოფობის პრობლემა საერთოდ აღმოიფხვრება, მიაჩნიათ ფუტურისტებს.
Sputnik

თბილისი, 13 მაისი — Sputnik. ასი წლის შემდეგ პლანეტა დედამიწის მოსახლეობა აღარ იზრუნებს საკვების მომზადებაზე, ვინაიდან ადამიანები კერძებს პირდაპირ ინტერნეტიდან „გადმოქაჩავენ“ და საყოფაცხოვრები 3D პრინტერზე დაბეჭდავენ, მიაჩნიათ ფუტუროლოგებს, რომელთა პროგნოზებს აქვეყნებს გამოცემა Futurism.  

რა იქნება პანდემიის შემდეგ: ფუტუროლოგები სამ სცენარს ასახელებენ

მათი თქმით, განსაკუთრებით ზარმაცებისთვის ამას სამზარეულოს რობოტი გააკეთებს, ან შეკვეთას დრონი მოიტანს. ასევე დრონებით იქნება შესაძლებელი არა მარტო წვრილმანი საგნების, არამედ, მაგალითად, ავეჯის გადაზიდვაც. გარდა ამისა, უპილოტო საფრენ აპარატებს დაეკისრება საზოგადოებრივი ტრანსპორტის ფუნქციაც.

ფუტუროლოგების პროგნოზი შეეხო ჯანდაცვის სფეროსაც, რომლის თანახმადაც, პარალიზებულ ადამიანებს კომპიუტერული ტექნოლოგიების დახმარებით კვლავ გაუჩნდებათ შეგრძნებები და სიარულსაც შეძლებენ. ამასთან, იგივე ტექნოლოგიების წყალობით, უსინათლოები მხედველობას აღიდგენენ, ხოლო ყრუები — სმენას.

ასი წლის შემდეგ მეცნიერები პაციენტებს ინდივიდუალურ გენეტიკურ მონაცემებზე დაყრდნობით უმკურნალებენ. გარღვევა გენეტიკაში გააჩენს მემკვიდრეობითი დაავადებების განკურნების შესაძლებლობას, ხოლო რეპროდუქციული მედიცინა იმდენად წინ წაიწევს, რომ უნაყოფობის პრობლემა საერთოდ აღმოიფხვრება.

მიუხედავად ამისა, ფუტუროლოგები არ ფიქრობენ, რომ ადამიანის სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა განსაკუთრებით მოიმატებს. კაცობრიობას კვლავაც დაემუქრება ინფექციები, გლობალური დათბობა და ომები.

მათი აზრით, გლობალური დათბობის გამო მნიშვნელოვნად აიწევს მსოფლიო ოკეანის დონე, ვინაიდან უკვე 2050 წლისთვის გრენლანდიის ყინულები გადნება. ოკეანის დონის აწევის გამო კი დაახლოებით 4 მლნ კაცი საცხოვრებლის გარეშე დარჩება.

  • „კატაკლიზმები იქნება უფრო ხშირი და სახიფათო. თუ ახლავე არ დავიწყეთ სამყაროზე ზრუნვა, ეს ყველაფერი ნამდვილად დაემუქრებათ ჩვენს შთამომავლებს. გლობალური დათბობის შესახებ პარიზის ხელშეკრულება ჯერჯერობით ვერ აღწევს დასახულ მიზნებს“, — ნათქვამია პროგნოზში.

ფუტურისტებს ეჭვი არ ეპარებათ, რომ 2120 წლისთვის დედამიწელები სიცოცხლის ახალ ფორმას მიაგნებენ, მაგრამ როგორი იქნება ის და რა რეაქციებს გამოიწვევს ადამიანებში — ეს უცნობია.

პროგნოზის ავტორებს მიაჩნიათ, რომ ასი წლის შემდეგ ჩვეულებრივი მოვლენა იქნება წყალქვეშა ქალაქებიც. სახლები სპეციალურ „ბუშტებში“ აშენდება, ხოლო სამოძრაოდ სპეციალური ტრანსპორტი შეიქმნება. ადამიანები დაეუფლებიან ტექნოლოგიებს, რომლებიც მათ არა მარტო დედამიწის ზედაპირზე, არამედ მის სიღრმეში 25-სართულიანი ნაგებობის აშენების შესაძლებლობას მისცემს.

„ასი წლის წინ ადამიანებს ფანტასტიკად ეჩვენებოდათ ის, რაც ჩვენი დღევანდელი ცხოვრების წესია“, - აცხადებს კვლევის ავტორი, დოქტორი მეგი ადერინი.

მისი თქმით, ინტერნეტმა მნიშვნელოვნად შეცვალა როგორც ურთიერთობების, ისე განათლებისა და სამყაროსთან ურთიერთქმედების არსი. ასე რომ, ფუტურისტების მიერ გაკეთებულ პროგნოზში არაფერია საოცარი. პირიქით, გასაკვირი ის იქნება, თუ დაახლოებით ათი წლის შემდეგ, გამომდინარე ციფრული ტექნოლოგიების სწრაფი განვითარებიდან, ამ პროგნოზის გადაწერა არ გახდება საჭირო.