COVID-19 - ბოლო ცნობები

ჩაუტარდათ თუ არა საქართველოს მთავრობის წევრებს ტესტირება კორონავირუსზე

აუცილებლობის შემთხვევაში ან სურვილის არსებობისას ხელისუფლების წარმომადგენლებს ტესტირება აუცილებლად ჩაუტარდებათ
Sputnik

თბილისი, 13 მაისი - Sputnik. საქართველოს მთავრობის წევრებისა და მათი პრესსამსახურების თანამშრომლებისთვის მიზანმიმართული ტესტირება ახალი ტიპის კორონავირუსის არსებობაზე არ ჩაუტარებიათ, განაცხადა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალურმა დირექტორმა ამირან გამყრელიძემ Facebook-ბრიფინგზე.

იმნაძე: კომენდანტის საათის დროის შემცირების და მოხსნის საკითხი აქტიურად განიხილება

როგორც მან აღნიშნა, აუცილებლობის შემთხვევაში ან სურვილის არსებობისას მათ ტესტირება აუცილებლად ჩაუტარდებათ.

„ეს პერსონალური ინფორმაციაა. რასაკვირველია, ნებისმიერს, ვისაც აქვს ან ექნება სურვილი ან იქნება ამის აუცილებლობა, ტესტს გაუკეთებენ, მაგრამ მხოლოდ ამ შემთხვევაში და არა მიზანმიმართულად. ზოგიერთმა მათგანმა თავად გამოთქვა სურვილი“, - განმარტა გამყრელიძემ.

კალაძე: მერია სრულ მზადყოფნაშია საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობის გაგრძელებისთვის >>

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძემ აღნიშნა, რომ ეს არის პერსონალური ინფორმაცია, რომლის გახმაურებაც არ შეიძლება.

„მასმედიაში გამოჩნდა ინფორმაცია რამდენიმე ასეთ შემთხვევაზე, თავად (პოლიტიკოსებმა) ისაუბრეს ამაზე. ისინი იმყოფებოდნენ თვითიზოლაციაში და ჩვენ, რა თქმა უნდა, არ გვაქვს მათი სახელების გამხელის უფლება“, - აღნიშნა იმნაძემ.

როგორც ბრიფინგის დასაწყისში ამირან გამყრელიძემ განაცხადა, მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირების ზრდის ვარდნა შეინიშნება. დაავადებულთა რაოდენობით კვლავ პირველ ადგილზეა აშშ, შემდეგ მოდიან რუსეთი და დიდი ბრიტანეთი.

რა პრინციპით მიმდინარეობს კორონავირუსის ტესტების შეძენა - ჯანდაცვის სამინისტროს განმარტება

გამყრელიძის თქმით, შემაშფოთებელია ის ფაქტი, რომ საქართველოს მეზობელ რუსეთში ასე მკვეთრად იზრდება ვირუსის დადასტურებული შემთხვევები.

რაც შეეხება საქართველოს, ბოლო ოფიციალური მონაცემებით, კორონავირუსის დიაგნოზი 647 მოქალაქეს დაუსვეს. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის განცხადებით, ტესტირება ჩაუტარდა 33 505 ადამიანს.

ინფიცირებულთა საერთო რაოდენობიდან გამოჯანმრთელდა 372 პაციენტი, 11 ადამიანი გარდაიცვალა. გამყრელიძემ ყურადღება გაამახვილა ასევე იმაზე, რომ გამოჯანმრთელებულ პაციენტთა რაოდენობა აღემატება საავადმყოფოებში მყოფ ინფიცირებულთა რაოდენობას.