COVID-19 - ბოლო ცნობები

საქართველოში კორონავირუსის ახალი შემთხვევის წყარო უცნობია

ამ დროისათვის კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რაოდენობამ ინფიცირებული პაციენტების რაოდენობას გადააჭარბა.
Sputnik

თბილისი, 12 მაისი — Sputnik. საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსი მხოლოდ ერთ პაციენტს დაუდასტურდა, თუმცა წყარო დადგენილი არ არის, განაცხადა თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ ჟურნალისტებთან.

პაციენტი კლინიკაში საკარანტინო სივრციდან გადაიყვანეს.

„კლასტერი უცნობია, წყარო დადგენილი არ არის. თუ არ ვცდები, იგი საკარანტინო სივრციდან გადმოიყვანეს“, – განაცხადა ეზუგბაიამ. 

იმნაძე: საქართველოში ზაფხულის სეზონი მშვიდი იქნება

მისი სიტყვებით, ამ დროისათვის კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რაოდენობამ ინფიცირებული პაციენტების რაოდენობას გადააჭარბა. კერძოდ, გამოჯანმრთელდა 349, კლინიკებში კი კორონავირუსის დიაგნოზით 279 პაციენტი მკურნალობს.

ბოლო დღე-ღამეში 32 ადამიანი გამოჯანმრთელდა.

მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდზე StopCov გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოში კორონავირუსი 639 ადამიანს დაუდასტურდა, უცხოეთიდან სამკურნალოდ საქართველოს სამი მოქალაქე გადმოიყვანეს, გამოჯანმრთელდა 349, გარდაიცვალა 11 პაციენტი. კარანტინში იმყოფება 4 769, ხოლო სტაციონარებში მეთვალყურეობის ქვეშ რჩება 414 ადამიანი.

კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით საქართველოში 21 მარტს საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა ერთი თვით. შემდეგ მთავრობამ საგანგებო მდგომარეობა 22 მაისამდე გააგრძელა.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა. 31 მარტიდან კი ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე კარანტინის რეჟიმი მოქმედებს. შემოღებულია ასევე კომენდანტის საათი 21:00 საათიდან დილის 06:00 საათამდე.