დიპლომატები მოუწოდებენ ხელისუფლებას და ოპოზიციას დაიცვან მარტში მიღწეული შეთანხმება

დიპლომატებმა კიდევ ერთხელ განაცხადეს, რომ შეთანხმება ორი ნაწილისგან შედგებოდა - ერთი ეხება საარჩევნო სისტემას, მეორე - სასამართლო სისტემაში ჩარევაზე რეაგირებას
Sputnik

თბილისი, 11 მაისი - Sputnik. საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა მოუწოდებს ქვეყნის მთავრობას და ოპოზიციურ გაერთიანებებს მიჰყვნენ იმ შეთანხმების პირობებს, რომელიც მიმდინარე წლის მარტშია მიღწეული, ნათქვამია საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის განცხადებაში.

ოცდაათზე მეტი ოპოზიციური პარტია და მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ საერთაშორისო პარტნიორების ზეწოლით მიუსხდნენ მოლაპარაკებათა მაგიდას გასული წლის დეკემბერში, როდესაც ჩავარდა კონსტიტუციის ცვლილება და ქუჩებში მასობრივი პროტესტი დაიწყო.

კობახიძე: არ მგონია 31 ოქტომბერს დაგეგმილი არჩევნების ჩატარებას საფრთხე შეექმნას

შედეგად, მარტში მხარეები შეთანხმდნენ მოდელზე 120/30 – 120 მანდატი პროპორციული სისტემით და 30 - მაჟორიტარულით გადანაწილდება. ასევე შეთანხმება მოხდა 1%-იან გამსვლელ ბარიერზე და პარტიებისთვის საპარლამენტო უმრავლესობის ჩამოყალიბებისათვის 40%-იან ბარიერზე.

დიპლომატების წერილში აღნიშნულია, რომ 8 მარტის შეთანხმება - ისტორიული მიღწევაა,  რომელიც მიზნად ისახავდა ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის უკეთესი გარემოს შექმნას.

განცხადებაში ნათქვამია, რომ შეთანხმება ორი ნაწილისგან შედგებოდა. პირველი ეხებოდა საარჩევნო სისტემას, მეორე - სასამართლო სისტემაში ჩარევაზე რეაგირებას.

„დიალოგის გზით მიღწეული შეთანხმება საზოგადოებისთვის კარგად ცნობილია. ის დადებითად შეაფასა როგორც ქართველმა ხალხმა, ასევე საერთაშორისო საზოგადოებამ. ჩვენ მოვუწოდებთ ყველა მხარეს, სრულად დაიცვან შეთანხმების ორივე ნაწილი, რათა ის წარმატებით განხორციელდეს“ , - ნათქვამია ფასილიტატორების განცხადებაში.

პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის თემა იყო ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის კამათის საგანი 2019 წლის ივნისამდე, როდესაც მმართველმა პარტიამ მასშტაბური პროტესტის ფონზე 2020 წლის არჩევნების ამ სისტემით ჩატარების პირობა დადო, თანაც ნულოვანი გამსვლელი ბარიერის პირობებში.

გიორგი გახარია - 8 მარტის შეთანხმება ქართული დემოკრატიის მიღწევაა >>

ამ წინადადებამ დაბალი რეიტინგის მქონე პარტიებს ამომრჩეველთა 2-3%-იანი რეალური მხარდაჭერის შემთხვევაში პარლამენტში მოხვედრის სერიოზული იმედი გაუჩინა.