COVID-19 - ბოლო ცნობები

უცნობმა სინდრომმა სამი ბავშვი იმსხვერპლა: ამერიკელი ექიმები COVID-19-თან კავშირს იკვლევენ

მანამდე დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის ეროვნული სისტემის (NHS) წარმომადგენლებმა გაფრთხილება გაუგზავნეს ყველა ქვეყნის ექიმებს, რომ ბავშვებში სისტემური ანთებითი სინდრომის შემთხვევები იმატებდა
Sputnik

თბილისი, 9 მაისი — Sputnik. ჯერჯერობით უცნობი სინდრომისგან, რომელიც კავასაკის დაავადებას ჰგავს და სავარაუდოდ კორონავირუსს უკავშირდება, ნიუ-იორკში სამი ბავშვი გარდაიცვალა. ამის შესახებ შტატის გუბერნატორმა ენდრიუ კუომომ პრესკონფერენციაზე განაცხადა. 

სახიფათო და იშვიათი: ბავშვებში უცნობი სინდრომის შემთხვევების რაოდენობა იზრდება

აღსანიშნავია, რომ დაავადებისგან, რომლის შესახებაც ნიუ-იორკის მერმა ბილ-დე ბლაზიომ რამდენიმე დღის წინ გააფრთხილა მოსახლეობა, აქამდე ლეტალური შედეგი დაფიქსირებული არ ყოფილა.

ირკვევა, რომ კავასაკის სინდრომისა და ასევე ინფექციურ–ტოქსიკური შოკის მსგავსი სიმპტომები აშშ-ში ერთიდან 11 წლამდე ასაკის რამდენიმე ათეულ ბავშვს გამოუვლინდა.

„გვაქვს 73 შემთხვევა, რომლებსაც უკვე სწავლობს ჯანდაცვის დეპარტამენტი. თუმცა დაავადებამ სამი პატარა ნიუიორკელის სიცოცხლე შეიწირა“, - თქვა კუომომ.

გუბერნატორის განმარტებით, ბავშვებს საავადმყოფოში შეყვანისას არ აღენიშნებოდათ ისეთი სიმპტომები, რომლებსაც ჩვეულებისამებრ კორონავირუსთან აკავშირებენ — კერძოდ, არ ჰქონდათ გართულებული სუნთქვა.

აღსანიშნავია, რომ მანამდე დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის ეროვნული სისტემის (NHS) წარმომადგენლებმა გაფრთხილება გაუგზავნეს ყველა ქვეყნის ექიმებს, რომ ბავშვებში სისტემური ანთებითი სინდრომის შემთხვევები იმატებდა, რა დროსაც პაციენტებს  აღენიშნებოდათ მუცლის ტკივილი და გულის პრობლემები, და რომ ეს შეიძლებოდა კორონავირუსთან ყოფილიყო კავშირში.

ბავშვებში უცნობი სინდრომის შემთხვევები მატულობს - მსოფლიო მასმედია ფოტოებს აქვეყნებს>>

რაც შეეხება კავასაკის სინდრომს, ის თავისთავად ასევე ამოუცნობი დაავადებაა. ეს არის სისტემური ვასკულიტი, რომელიც არტერიებს აზიანებს. დაავადება ძირითადად ჩნდება ერთიდან ხუთ წლამდე ასაკის ბავშვებში. სინდრომის წარმოშობის მიზეზი დაუდგენელია და მისი პირდაპირი მკურნალობის მეთოდიც არ არსებობს.