თბილისი, 9 მაისი — Sputnik. მიხეილ სააკაშვილის თანამდებობაზე დანიშვნისგან უახლოეს თვეებში ველოდები დადებით შედეგებს, კერძოდ, ბიზნესის დერეგულაციისა და საბაჟოს რეფორმების კუთხით, განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ.
„სააკაშვილის მუშაობის შედეგებს მისი დანიშვნის მეორე დღესვე არ ველოდები, მაგრამ რეზულტატი ბიზნესში დერეგულაციასა და საბაჟოს რეფორმებში უახლოეს თვეებში უნდა იყოს“, — ციტირებს პრეზიდენტს „უკრინფორმი“
პრეზიდენტის თქმით, მან და სააკაშვილმა ბევრი ისაუბრეს ამ თემაზე, რა დროსაც საქართველოს ექს–პრეზიდენტმა უამბო, რა პრობლემებს გადააწყდა საბაჟოს რეფორმირებისას სამშობლოში.
„მან მითხრა, რომ თავის დროზე ახალი ხალხი დანიშნა საბაჟოზე, მაგრამ მერე ყველა გაყარა. გარკვეული დროის შემდეგ ისევ ახალი ხალხი მიიყვანა, მაგრამ მათი გაყრაც მოუხდა. აი, ასეთი რთული რამაა საბაჟოს რეფორმა. მინდა, რომ ის ამით დაკავდეს“, — განმარტა ზელენსკიმ.
შეგახსენებთ: საქართველოს ექს–პრეზიდენტი და ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი უკრაინის პრეზიდენტმა ქვეყნის რეფორმების საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარედ დანიშნა. ამის პასუხად საქართველოს ხელისუფლებამ კიევიდან კონსულტაციებზე გამოიწვია ელჩი თეიმურაზ შარაშენიძე. თუმცა, როგორც საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა აღნიშნა, საქართველო არ აპირებს უკრაინასთან დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტას.