COVID-19 - ბოლო ცნობები

ცერცვაძე: კორონავირუსის პიკი არ გამოდგა ციცაბო, აღმოჩნდა პლატოსებრი

ბოლო დღე-ღამის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსი მხოლოდ 3 ადამიანს დაუდგინდა, ხოლო 9 - გამოჯანმრთელდა
Sputnik

თბილისი, 9 მაისი — Sputnik. მართლდება ის ოპტიმისტური პროგნოზები, რომლებსაც ექსპერტები გამოთქვამდნენ კორონავირუსთან დაკავშირებით - პიკი არ გამოდგა ციცაბო, განაცხადა ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ. 

ეზუგბაია: ბოლო ათი დღეა, ინფიცირების ახალი წყარო არ არის  და იმედია, არ გაგვიჩნდება

ბოლო დღე-ღამის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსი მხოლოდ 3 ადამიანს დაუდგინდა, ხოლო 9 - გამოჯანმრთელდა. ამასთან ცნობილია ბოლო დღეებში გამოვლენილი კორონავირუსის შემთხვევების ყველა წყარო.

ცერცვაძის განცხადებით, ბოლო დღეებში თანდათან მცირდება კოვიდინფიცირებული პაციენტების რიცხვი.

„მართლდება ის ოპტიმისტური პროგნოზები, რომელსაც ექსპერტები გამოთქვამდნენ, რომ სადღაც აპრილის ბოლოსთვის იქნებოდა პიკი, შემდეგ პლატო და შემდეგ ქვევით წავიდოდა. ახლა არის პლატო, ის პიკი არ გამოდგა ციცაბო პიკი და გამოდგა ასეთი სწორი, პლატოსებური“, – განაცხადა ცერცვაძემ.

საქართველოში ამ დროისათვის კორონავირუსი 626 ადამიანს გამოუვლინდა, გამოჯანმრთელდა 297. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4717, ხოლო სტაციონარებში დაკვირვების ქვეშ 452 პაციენტია. გარდაიცვალა 10  პაციენტი.

საქართველოში კორონავირუსის გამოვლენის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა. 21 მარტს ხელისუფლებამ ინფექციის გავრცელების საფრთხის გამო ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე ერთი თვით საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა, რომელიც შემდეგ 22 მაისამდე გახანგრძლივდა. ქვეყანაში მოქმედებს რიგი აკრძალვები, მათ შორის კომენდანტის საათი 21:00-დან 06:00 საათამდე.