თბილისი, 8 მაისი — Sputnik. უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ შეცდომა უწოდა კიევიდან საქართველოს ელჩის გამოძახებას თბილისში მიხეილ სააკაშვილის რეფორმების ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარედ დანიშვნის გამო.
„საქართველოსთან, ქართველ ხალხთან შესანიშნავი ურთიერთობა გვაქვს. ჩვენ, მიუხედავად ყველაფრისა, არანაირ კონსულტაციაზე არ გამოვიძახებთ ჩვენს ელჩს უკრაინაში... მეჩვენება, რომ ეს ქართული მხარის შეცდომაა“, — განაცხადა ზელენსკიმ ჟურნალისტებთან საუბრისას, რომელიც ტელეარხ Наш-ის ეთერით გადაიცემოდა.
უკრაინის პრეზიდენტის ვარაუდით, კონსულტაციის შემდეგ ყველა მხარე გაიგებს, რომ საკადრო პოლიტიკა ყველა ქვეყანაში ეხება მხოლოდ კონკრეტულ ქვეყანას და მის მოქალაქეებს.
მანამდე საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებით, უკრაინაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი თეიმურაზ შარაშენიძე თბილისში კონსულტაციებზე გამოიძახეს. საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის თქმით, საქართველო არ განიხილავს უკრაინასთან დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტას, ან სტრატეგიული პარტნიორობის გადახედვას.