COVID-19 - ბოლო ცნობები

ქუთაისის ლაბორატორიაში გამოკვლეული 236 ნიმუშიდან ყველა პასუხი უარყოფითია

ქუთასში კორონავირუსზე შეამოწმეს სამედიცინო პერსონალი, შშმ პირთა თავშესაფრის ბინადრები და ის პირები, რომლებმაც საკარანტინო სივრცე დატოვეს.
Sputnik

თბილისი, 8 მაისი – Sputnik. ქუთაისის ლაბორატორიამ 236 ბიოლოგიური ნიმუში გამოიკვლია და ყველა პასუხი უარყოფითია, განაცხადა დაავადებათა კონტროლის იმერეთის სამმართველოს უფროსმა გოჩა გიორგიძემ.

საჩხერის სამედიცინო ცენტრში მეოთხე დღეა, ცხელებით პაციენტი არ შეუყვანიათ

გამოკვლეულთა შორის არიან სამედიცინო პერსონალი, შშმ პირთა თავშესაფრის ბინადრები და ის პირები, რომლებმაც საკარანტინო სივრცე დატოვეს. არც ერთ შემთხვევაში კორონავირუსი არ დადასტურდა.

იმერეთის რეგიონში საკარანტინო ზონები გუშინ 146-მა პირმა დატოვა, ამ დროისთვის 215 ადამიანია დარჩენილი.

საქართველოში კორონავირუსი 623 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 288 უკვე გამოჯანმრთელდა. გარდაიცვალა 9 პაციენტი.

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

საქართველოში კორონავირუსი 623 ადამიანს დაუდგინდა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა.