ეროვნული ბანკის პროგნოზი: როდის შეწყდება საქართველოში ფასების მატება

გრძელვადიან დინამიკაში ინფლაციის განმსაზღვრელი ძირითადი ფაქტორი იქნება მოთხოვნა, მიიჩნევს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი.
Sputnik

თბილისი, 8 მაისი - Sputnik. საქართველოში ინფლაციის წლიურმა დონემ აპრილში 3%-იანი მიზნობრივი მაჩვენებლის პირობებში 6,9% შეადგინა, აღნიშნულია სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის“ მასალებში.

მარტთან შედარებით აპრილში ფასები 0,9%-ით გაიზარდა.

როგორ იცვლებოდა ინფლაცია წლის დასაწყისიდან

2019 წელს წლიურმა ინფლაციამ 7% შეადგინა. ამ დონის შესანარჩუნებლად ეროვნულმა ბანკმა სექტემბრიდან დაიწყო მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება. რეფინანსირების განაკვეთი ამ პერიოდში 6,5%-დან 9%-მდე გაიზარდა. ბოლოს ზრდა 2019 წლის დეკემბერში დაფიქსირდა.

„ოცნების“ მაშველი რგოლი და ეკონომიკური კრიზისის საწინააღმდეგო „ვაქცინა“...

წლის დასაწყისიდან ინფლაციის წლიურმა დონემ კლება დაიწყო - იანვარსა და თებერვალში 6,4% შეადგინა, მარტში - 6,1%. საქართველოში კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო ქვეყნის ხელისუფლებამ 21 მარტიდან კარანტინი და კომენდანტის საათი გამოაცხადა.

საერთაშორისო პროგნოზისა და კვლევების ცენტრის ვიცე-პრეზიდენტი ნიკა შენგელია მიიჩნევს, რომ მსუბუქი ავტომობილებით გადაადგილების აკრძალვამ, რომელიც კვირაზე მეტხანს მოქმედებდა, ასევე ქალაქების ჩაკეტვამ, ფერმერები დააზარალა.

„სეზონი ჩავარდნილია. ამ მომენტისთვის თავადაც რეგიონში ვიმყოფები და ვხედავ, რომ ადამიანებს არ აქვთ ფული ტრაქტორის დასაქოქად. რეგიონებში ძალიან რთული ვითარებაა, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ქალაქები ჩაიკეტა და ორი კვირა არ მოძრაობდნენ მსუბუქი ავტომობილები. ეს სწორედ ის პერიოდი იყო, როდესაც საჭირო იყო თესვა და ხვნა. ყველანი სახლში ისხდნენ. ახლა კი უკვე გვიანია“, - განუცხადა შენგელიამ „Sputnik-საქართველოს“.

შედეგად საქართველოში ხილის ფასი 45,4%-ით გაიზარდა, რძის, ყველისა და კვერცხის - 23,2%-ით, ხორცის - 15%-ით, ბოსტნეულის - 14,1%, პურის და პურპროდუქტების - 8,4%-ით. პანდემიასთან დაკავშირებული ვითარების გათვალისწინებით, გაძვირდა ჯანდაცვის სფეროს მომსახურება 4,9%-ით, მათ შორის, ამბულატორიული მომსახურება - 4,4%-ით.

როდის დაიწყებს შემცირებას ინფლაციის დონე

ინფლაციის დონე კლებას მხოლოდ 2020 წლის მეორე ნახევრიდან დაიწყებს და 2021 წლის დასაწყისში მიზნობრივ მაჩვენებელს მიუახლოვდება, განაცხადა საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ სპეციალურ მიმართვაში.

რატომ არ ელოდება საქართველოს ეროვნული ბანკი ფასების ზრდას

„2020 წლის დასაწყისიდან ინფლაციამ, როგორც მოსალოდნელი იყო, კლება დაიწყო. წლიურმა ინფლაციამ იანვარსა და თებერვალში 6.4% შეადგინა. თუმცა, შემდგომ COVID-19-ის გლობალურ პანდემიასთან დაკავშირებულმა მოვლენებმა საქართველოში ინფლაციის მაჩვენებელზეც იმოქმედა“, - აღნიშნა კობა გვენეტაძემ.

მისი თქმით, ინფლაციაზე ზრდის მიმართულებით მოქმედებს ლარის ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსის გაუფასურება, ერთი მხრივ, და ვირუსის გავრცელების შეკავების ღონისძიებების შედეგად სხვადასხვა პროდუქტისა და მომსახურების წარმოების ხარჯების ზრდა, მეორე მხრივ.

„ამავე დროს, საგარეო და შიდა მოთხოვნის მოსალოდნელი მკვეთრი კლება წლის განმავლობაში ინფლაციის შემცირებას განაპირობებს. არსებული პროგნოზით, მოსალოდნელია, რომ ინფლაცია სამიზნე მაჩვენებელზე მაღლა უფრო ხანგრძლივად დარჩება, ვიდრე ეს ადრე იყო ნავარაუდევი, თუმცა, წლის მეორე ნახევარში ინფლაცია შემცირებას დაიწყებს და მიზნობრივ მაჩვენებელს 2021 წლის დასაწყისში დაუახლოვდება“, - განაცხადა გვენეტაძემ.

ეროვნული ბანკის ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ მიზნობრივ მაჩვენებელთან მიახლოება არ ნიშნავს მკაფიო ციფრს, არამედ მიუთითებს მხოლოდ საზღვარს.

„განახლებული პროგნოზით, 2020 წელს ეკონომიკის 4%-ით შემცირებაა მოსალოდნელი, რასაც როგორც ექსპორტისა და ტურისტული შემოსავლების კლება, ასევე შიდა მოთხოვნის შემცირება განაპირობებს. მოსალოდნელი შემცირება უკვე გამოჩნდა ბოლო მონაცემებში. მარტში საქონლის ექსპორტი წლიურად 22 პროცენტით, ხოლო საერთაშორისო მოგზაურებისგან მიღებული შემოსავალი თითქმის 70 პროცენტით შემცირდა. 9-პროცენტიანი კლება დაფიქსირდა ფულად გზავნილებშიც. ამასთანავე, 13 პროცენტით შემცირებულია იმპორტიც, რაც შიდა მოთხოვნის შესუსტებაზე მიუთითებს“, - განაცხადა გვენეტაძემ.

მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა გამკაცრებული პოლიტიკიდან ეტაპობრივი გამოსვლა დაიწყო და 29 აპრილის სხდომაზე პოლიტიკის განაკვეთი 50 საბაზისო პუნქტით, 8.5 პროცენტამდე შეამცირა.

კორონავირუსი საქართველოს ეკონომიკას ურტყამს: "საქსტატი" ახალ მონაცემებს აქვეყნებს>>

„შემცირების მიუხედავად, მონეტარული პოლიტიკა კვლავ გამკაცრებული რჩება. მნიშვნელოვანია, რომ გამკაცრებული პოლიტიკიდან გამოსვლა ეტაპობრივად განხორციელდეს, რაც აუცილებელია იმისთვის, რომ ინფლაციის მოლოდინები არ გაიზარდოს“, - აღნიშნა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა.

ხელისუფლების ნაბიჯები ვითარების სტაბილიზაციისთვის

საქართველოს ეკონომიკაზე კორონავირუსის უარყოფითი გავლენის შესამცირებლად ქვეყანა საერთაშორისო პარტნიორებისგან დახმარების სახით 3 მილიარდ დოლარს მიიღებს.

კორონავირუსი საქართველოში: ბიზნესი ახალ რეალობას ერგება

ქვეყნის მთავრობამ უკვე შეიმუშავა ანტიკრიზისული გეგმა, რომლის თანახმად, ხელისუფლება ფინანსურად დაეხმარება უმუშევრებს, სოციალურად დაუცველებს, შმმ პირებს, თვითდასაქმებულებსა და მრავალშვილიან ოჯახებს.

ცალკე გეგმაა შემუშავებული ბიზნესის დასახმარებლად, რომელსაც მთავრობა განსაკუთრებულ საგადასახადო და საკრედიტო შეღავათებს შესთავაზებს.

ამასთან, მთავარი აქცენტი ამჯერად გაკეთდება ადგილობრივი წარმოების გაზრდასა და პროფილის ცვლილებაზე.