თბილისი, 7 მაისი – Sputnik. თბილისის ხანდაზმულთა პანსიონატის 92 ბენეფიციარსა და თანამშრომელს COVID-19-ზე PCR ტესტირება ჩაუტარდა. ადგილზე ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძეც მივიდა, რომელიც პანსიონატის ბენეფიციარებს შეხვდა. ინფორმაციას „პირველი არხი“ ავრცელებს.
ჯანდაცვის მინისტრმა თავშესაფრებში ტესტირების დაწყება გასულ კვირაში დააანონსა.
„მინდა მადლობა გადავუხადო აქ მომუშავე პროფესიონალებს და პერსონალს, რომლებიც ძალიან კარგად ასრულებენ თავიანთ სამუშაოს. ისინი უკვე 34 დღის განმავლობაში იმყოფებიან კარანტინში და უვლიან ჩვენს მოხუცებულებს“, – აღნიშნა ეკატერინე ტიკარაძემ.
თბილისის ხანდაზმულთა პანსიონატში მინისტრთან ერთად მისი მოადგილე თამილა ბარკალაიაც იმყოფებოდა.
დედაქალაქის გარდა პროცედურა უკვე ჩატარდა იმერეთსა და გურიაში, სადაც 62 პირი გაიტესტა. თავშესაფრების ტესტირება ერთ კვირაში დასრულდება.
საქართველოში ამ დროისათვის კორონავირუსი 615 ადამიანს გამოუვლინდა. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5002, ხოლო სტაციონარებში დაკვირვების ქვეშ 485 პაციენტია. გარდაიცვალა 9 პაციენტი.
საქართველოში კორონავირუსის გამოვლენის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა. 21 მარტს ხელისუფლებამ ინფექციის გავრცელების საფრთხის გამო ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე ერთი თვით საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა, რომელიც შემდეგ 22 მაისამდე გახანგრძლივდა. ქვეყანაში მოქმედებს რიგი აკრძალვები, მათ შორის კომენდანტის საათი 21:00-დან 06:00 საათამდე.