აღმოჩენილია შავი ხვრელი, რომელიც შეუიარაღებელი თვალით ჩანს

მკვლევარების თქმით, ირმის ნახტომში რეალურად ასობით მილიონი შავი ხვრელი უნდა არსებობდეს, მაგრამ მათ მხოლოდ მცირე ნაწილის შესახებ აქვთ ცნობები.
Sputnik

თბილისი, 7 მაისი — Sputnik. დედამიწიდან „სულ რაღაც“ 1000 სინათლის წლის დაშორებით აღმოჩენილია შავი ხვრელი, რომლის კომპანიონი ორი ვარსკვლავი შეუიარაღებელი თვალით ჩანს, იუწყებიან მეცნიერები, რომელთა აღმოჩენაც აღწერილია ჟურნალში Astronomy & Astrophysics.

​გავრცელებული ინფორმაციით, აღნიშნული შავი ხვრელი ვარსკვლავების სისტემა HR 6819-ში მდებარეობს და უახლოესია დედამიწისთვის.

„ჩვენ აბსოლუტურად გაოგნებული დავრჩით, როცა დავადგინეთ, რომ ეს პირველი ვარსკვლავური სისტემაა შავი ხვრელით, რომელიც შეუიარაღებელი თვალით ჩანს“, — ამბობს კვლევის ერთ-ერთი ავტორი პეტრ ჰადრავა.

დღეისათვის ასტრონომებისთვის ჩვენს გალაქტიკაში (ირმის ნახტომი) დაახლოებით ორი ათეული შავი ხვრელია ცნობილი. თითქმის ყველა მათგანი ძლიერ ურთიერთქმედებს გარემოსთან და მათი აღმოჩენა ამ ურთიერთქმედების შედეგად წარმოქმნილი მძლავრი რენტგენული გამოსხივებით არის შესაძლებელი. 

მარსზე უძველესი მდინარეების კვალი აღმოაჩინეს: ქვეყნდება სამეცნიერო კვლევა

რაც შეეხება სისტემა HR 6819-ში არსებულ ახლად აღმოჩენილ შავ ხვრელს, ის ერთ-ერთია ვარსკვლავური მასის მქონე ხვრელებს შორის, რომლებიც არ ურთიერთქმედებენ გარემოსთან და ამიტომ შეუმჩნეველი არიან. მეცნიერებმა მისი არსებობა ორმაგ სისტემაში შიდა ვარსკვლავის ორბიტის შესწავლისას დაადგინეს. ამასთან, გამოთვალეს მისი მასაც.

„უხილავი ობიექტი, რომლის მასაც ოთხჯერ აღემატება მზის მასას, მხოლოდ და მხოლოდ შავი ხვრელი შეიძლება იყოს“, - განმარტავს კვლევის წამყვანი ავტორი ტომას რივინიუსი. 

მკვლევარების თქმით, ირმის ნახტომში რეალურად ასობით მილიონი შავი ხვრელი უნდა არსებობდეს, მაგრამ მათ მხოლოდ მცირე ნაწილის შესახებ აქვთ ცნობები. მათ იმედი აქვთ, რომ უახლოეს მომავალში კიდევ არაერთ მსგავს შავ ხვრელს აღმოაჩენენ.