COVID-19 - ბოლო ცნობები

11 მაისიდან ყველა სახის წარმოება და მაღაზია გაიხსნება

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში საგანგებო მდგომარეობა 22 მაისამდე მოქმედებს, მთავრობამ ყველა საწარმოს და მაღაზიების გახსნის გადაწყვეტილება მიიღო.
Sputnik

თბილისი, 7 მაისი — Sputnik. 11 მაისიდან საქართველოს მთელ ტერიტორიაზე მაღაზიები გაიხსნება. ეს არ ეხება ფეხსაცმლის და ტანსაცმლის მაღაზიებს და მოლებს. ამის შესახებ განცხადება მთავრობის კანცელარიაში ტურიზმის ამოქმედების ანტიკრიზისული გეგმის წარდგენისას პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ გააკეთა.

საქართველოში საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევის 77 ახალი ფაქტი გამოვლინდა
„ჩვენ გავხსნით ყველა სახის საცალო და საბითუმო მაღაზიას, რომელსაც აქვს შესასვლელი ქუჩიდან და რომელიც არ ვაჭრობს ტანსაცმით და ფეხსაცმლით. ეს არ ეხება მოლებს“, - განაცხადა გახარიამ.

პრემიერის განცხადებით, შეზღუდვები მოიხსნება გადაადგილების მხრივაც. თბილისში შესვლასა და გასვლაზე ყველა სახის შეზღუდვა 11 მაისიდან მოიხსნება. გარდა ამისა, მისი განმარტებით, 14 მაისიდან აღდგება გადაადგილება რუსთავსა და გარდაბანში, 18 მაისს კი მოიხსნება შეზღუდვა მარნეულში.

საქართველოში საგანგებო მდგომარეობა 22 მაისამდე გაგრძელდება

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით საქართველოს ტერიტორიაზე დაწესებული შეზღუდვების მოხსნის პირველი ეტაპი 27 აპრილს დაიწყო. შეზღუდვები მოიხსნა მსუბუქი ავტომობილების გადაადგილებაზე, ამუშავდა ინტერნეტ–მაღაზიები და ღია აგრარული ბაზრები. 

მთავრობა კორონავირუსის საფრთხის გამო დაწესებული შეზღუდვების მოხსნას ექვს ეტაპად აპირებს. შემდეგი ეტაპები, სავარაუდოდ, ორკვირიანი ინტერვალით განხორციელდება. ამავე დროს, ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით, შესაძლებელია გაუქმებული შეზღუდვების ხელმეორედ დაწესება, ასევე მომდევნო ეტაპის ვადების გადახედვა.