თბილისი, 7 მაისი – Sputnik. საქართველო 1 ივლისიდან უცხოელი ტურისტების მისაღებად მზად იქნება, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ხუთშაბათს გამართულ მთავრობის სხდომაზე.
ეს ნიშნავს, რომ ამ დროისთვის საქართველო აღადგენს საჰაერო და სახმელეთო მიმოსვლას, რომელიც კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით შეიზღუდა.
„15 ივნისიდან საქართველოში ადგლობრივი ტურიზმი გაიხსნება, ხოლო 1 ივლისიდან ქვეყანა საერთაშორისო ტურისტებს მიიღებს. ამისათვის ჩვენ მეზობელ ქვეყნებთან შევქმნით უსაფრთხო კორიდორებს, ასევე გავაკეთებთ უსაფრთხო კორიდორებს ტურისტულად ჩვენთვის საინტერესო ქვეყნებთან“, - აღნიშნა გახარიამ.
კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით საქართველომ უცხოელი ტურისტებისთვის საზღვრები სრულად ჩაკეტა, გარდა გამონაკლისი შემთხვევებისა, და საჰაერო მიმოსვლა ყველა მიმართულებით შეწყვიტა. 21 მარტიდან ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა მოქმედებს. ამ დროისათვის ქვეყანაში კორონავირუსი 615 ადამიანს დაუდგინდა, გამოჯანმრთელდა 275, გარდაიცვალა 9 პაციენტი.