თბილისი, 7 მაისი - Sputnik. ფშაველი-ომალოს დამაკავშირებელ გზაზე მესამე დღეა ზვავში მოყოლილ 62 წლის მამაკაცს ეძებენ, იუწყება ტელეკომპანია Rustavi2.
ფშაველი-ომალოს გზის 36-ე კილომეტრზე ზვავი 5 მაისს ჩამოწვა. ადგილზე გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობდა. შემთხვევის შედეგად ზვავში ორი ადამიანი მოყვა. ერთის ამოყვანა მაშველებმა მოახერხეს. ის ტრავმებით საავადმყოფოში გადაიყვანეს, მეორე ადამიანის ძებნა კი ამ დრომდე გრძელდება.
სამძებრო სამუშაოებს უამინდობა და რთული რელიეფი აფერხებს.
„სამძებრო სამუშოები შეწყდა კლიმატური პირობების გამო. ადგილზე მობილიზებული არიან სამაშველო ჯგუფები. ეს ადგილი ზღვის დონიდან 2 ათას მეტრზეა, სადაც არის რთული ხილვადობა, აქედან გამომდინარე, შეზღუდულია სამუშაოები საღამოს საათებში", - განაცხადა თელავის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენელმა ვალერი აბრამიშვილმა.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, ზვავის ჩამოწოლის ადგილზე დრონის საშუალებითაც ხდება ტერიტორიის მონიტორინგი. კახეთის სახანძრო-სამაშველო ჯგუფების გარდა, შემთხვევის ადგილზე მუშაობენ განსაკუთრებულ საგანგებო სიტუაციებზე სწრაფი რეაგირების მთავარი სამმართველოს მაშველები თბილისიდან. მობილიზებულია ყველა შესაბამისი სამსახური, მათ შორის ჰიდროლოგები.