თბილისი, 6 მაისი - Sputnik. საქართველოს ხელისუფლებისთვის მიუღებელია ქვეყნის ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის დანიშვნა უკრაინაში ნებისმიერ მნიშვნელოვან თანამდებობაზე, განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ.
უკრაინის ვიცე-პრემიერის პოსტზე სააკაშვილის დანიშვნის ჩავარდნის შემდეგ მას შესთავაზეს თანამდებობა რეფორმების ნაციონალურ საბჭოში.
„თუ საუბარი იქნება ისეთ თანამდებობაზე, რომლის პოვნაც Google-ში შეიძლება და ის დღეს რომელიმე მნიშვნელოვან პერსონას უკავია, ჩვენ რეაგირებას მოვახდენთ, თუ არადა, შემდგომ მოქმედებებს განვიხილავთ“, - განაცხადა მდინარაძემ.
ამასთან მან მადლობა გადაუხადა უკრაინის პარლამენტს იმისთვის, რომ მან საქართველოს საკანონმდებლო ორგანოს აზრი გაითვალისწინა და არ განიხილა სააკაშვილის კანდიდატურა ვიცე-პრემიერის თანამდებობაზე.
აპრილის ბოლოს ცნობილი გახდა, რომ სააკაშვილს უკრაინის მთავრობაში თანამდებობა შესთავაზეს, რაც საქართველოს ხელისუფლებამ შეაფასა, როგორ არამეგობრული ნაბიჯი სტრატეგიული პარტნიორის მხრიდან.
სააკაშვილმა საქართველოს მოქალაქეობა უკრაინის მოქალაქეობის მიღების შემდეგ ავტომატურად დაკარგა. საქართველოს ექს-პრეზიდენტს დაუსწრებლად მისჯილი აქვს თავისუფლების აღკვეთა 6 წლის ვადით. სასამართლოში მის წინააღმდეგ კიდევ რამდენიმე საქმე იხილება.
სააკაშვილი უკრაინის ვიცე-პრემიერად არ დაინიშნება – მასმედია >>
რაც შეეხება უკრაინაში მის პოლიტიკურ კარიერას, იგი პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს მმართველობისას ოდესის გუბერნატორად დაინიშნა. თანამდებობაზე მან ერთი წელიც ვერ გაძლო. მას უკრაინის მოქალაქეობა ჩამოართვეს და ქვეყნიდან გააძევეს. უკრაინაში დაბრუნება და მოქალაქეობის აღდგენა მხოლოდ მას შემდეგ შეძლო, რაც ქვეყნის პრეზიდენტად ვლადიმირ ზელენსკი აირჩიეს.