თბილისი, 6 მაისი - Sputnik. ანაკლია-განმუხურის საკარანტინო სივრცეში მოთავსებულ ერთ-ერთ პირს ახალი კორონავირუსი დაუდასტურდა, იუწყება ადგილიდან „Sputnik-საქართველოს“ კორესპონდენტი.
კვლევა ზუგდიდის ინფექციური კლინიკის ლაბორატორიაში ჩატარდა.
საზოგადოებრივი ჯანდაცვის რეგიონული ცენტრის ხელმძღვანელის ანზორ ქობალიას ინფორმაციით, ანაკლია-განმუხურის საკარანტინო სივრციდან აღებული ერთი მოქალაქის ნიმუში COVID-19-ზე დადებითი აღმოჩნდა.
მისი თქმით, ინფიცირებული ქალბატონი არ მიეკუთვნება არც ერთ კლასტერს და არ არის სამეგრელოს მცხოვრები. როგორც ირკვევა, აღნიშნული მოქალაქე თურქეთიდან 22 აპრილს ჩამოვიდა და პირდაპირ კარანტინის სივრცეში მოათავსეს.
პაციენტი საავადმყოფოში უკვე გადაიყვანეს და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
ამასთან, გუშინ ღამით ზუგდიდში ახალი კორონავირუსი დაუდასტურდა ორ ბავშვს, რომლებიც ე.წ. თეთრიწყაროს კლასტერს მიეკუთვნებიან. პაციენტები თბილისში, ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკაში გადაიყვანეს.
საქართველოში სხვადასხვა რეგიონში მოწყობილ საკარანტინო ზონებში ამჟამად იმყოფება 5133 ადამიანი.
ამ დროისათვის ქვეყანაში კორონავირუსი 610 ადამიანს დაუდგინდა, გამოჯანმრთელდა 269, გარდაიცვალა 9 პაციენტი.
ნიკა ლატარია