ომი, რომელიც კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე მასშტაბური შეიარაღებული დაპირისპირება იყო, თითქმის 4 წელიწადს გაგრძელდა, ხოლო გამარჯვების დღე საყოველთაო ზეიმი გახდა.
დღესასწაულის ტრადიციებს ათწლეულების განმავლობაში იცავენ - ჩვეულებრივად ამ დღეს აღლუმები ტარდება.
ბევრი ქვეყანა გეგმავდა გამარჯვების 75-ე წლისთავის საზეიმო აღნიშვნას, მაგრამ მთელს მსოფლიოში მიმდინარე კორონავირუსის პანდემიამ თავისი კორექტივები შეიტანა და მთელს პლანეტაზე მასობრივი ღონისძიებები შეზღუდა.
Sputnik-საქართველო დაინტერესდა, როგორ აღნიშნავენ ქვეყნები 9 მაისს პანდემიის პირობებში.
როგორ აღნიშნავენ ქვეყნები 9 მაისს
დსთ-ს ქვეყნებიდან 9 მაისისთვის დაგეგმილი მასობრივი ღონისძიებები კორონავირუსის გამო არ გააუქმეს მხოლოდ თურქმენეთმა და ბელარუსმა.
თურქმენეთი, სადაც, ოფიციალური მონაცემებით, დღემდე არ დაფიქსირებული კორონავირუსით ინფიცირების არცერთი შემთხვევა, გამარჯვების 75-ე წლისთავს დიდი ზეიმით აღნიშნავს. ქვეყანაში დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან პირველად ჩატარდება სამხედრო აღლუმი და საზეიმო ფოიერვერკი.
დიამეტრალურად საწინააღმდეგო სურათია ბელარუსში - ბოლო მონაცემებით, კორონავირუსით ინფიცირების დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 19 255-ს აღწევს. COVID-19-ის პანდემიის მასშტაბების მიუხედავად, ბელარუსი გამარჯვების დღისადმი მიძღვნილი აღლუმის გაუქმებას არ აპირებს.
დსთ-ის დანარჩენმა ქვეყნებმა გამარჯვების დღისადმი მიძღვნილი მასობრივი ღონისძიებების გადატანა ან გაუქმება გადაწყვიტეს.
ასე მაგალითად, რუსეთში კორონავირუსის გავრცელების გამო „უკვდავი პოლკის“ მსვლელობა და გამარჯვების აღლუმი გადატანილია. 9 მაისს გაიმართება აღლუმის მხოლოდ საჰაერო ნაწილი, ხოლო „უკვდავი პოლკი“ ონლაინ გაიმართება.
სამხედრო ავიაციის საჰაერო აღლუმი გადაუფრენს კიდევ 47 ქალაქის ცენტრალურ მოედნებს - სანქტ-პეტერბურგში, კურსკში, ბელგოროდში, ორიოლში, ვორონეჟში, იაროსლავში, ნიჟნი ნოვგოროდში, ვიაზმაში, სმოლენსკში, კალინინგრადში და უცხოეთში მდებარე რუსულ სამხედრო ბაზებზე.
გამარჯვების დღის 75-ე წლისთავს რუსეთში, სადაც კორონავირუსი თითქმის 166,1 ათას ადამიანს დაუდგინდა, სავარაუდოდ, სექტემბრის პირველ რიცხვებში იზეიმებენ.
საზეიმო ღონისძიებებისა და ცერემონიების გარეშე ჩაივლის ცხრა მაისი აზერბაიჯანშიც, სადაც კორონავირუსით ინფიცირების 2060 შემთხვევა გამოვლინდა, და უზბეკეთში - 2217 შემთხვევა.
სომხეთში, სადაც კორონავირუსის დიაგნოზი 2782 ადამიანს დაუსვეს, იგივე გადაწყვეტილება მიიღეს - გამარჯვების წლისთავის აღსანიშნავად სადემონსტრაციო ფრენას შეასრულებენ სამხრეთის სამხედრო ოლქის სამხედროები რუსული ავიაბაზა ერებუნიდან.
გამარჯვების აღლუმი გააუქმეს უზბეკეთში, სადაც COVID-19-ის შემთხვევების რაოდენობამ 4344-ს მიაღწია. ტაჯიკეთში, სადაც 379 ინფიცირების შემთხვევა გამოვლინდა, მასობრივი ღონისძიებების გამართვის აკრძალვა მოქმედებს.
კორონავირუსის ეპიდემიის გამო გამარჯვების დღეს არ იზეიმებენ ყირგიზეთშიც - ზოგიერთ ქალაქში, ბიშკეკის ჩათვლით, მარტის ბოლომდე გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობა 10 მაისამდე გაგრძელდა. ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსი 871 ადამიანს გამოუვლინდა.
მოლდოვა გამარჯვების დღეს 24 აგვისტოს იზეიმებს - ფაშიზმისგან ქვეყნის გათავისუფლების დღეს გაიმართება უკვდავი პოლკი და საზეიმო კონცერტი. აღნიშვნა გადაიტანეს COVID-19-ის გამო - ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირებული 4476 ადამიანი გამოვლინდა.
გამარჯვების დღეს მასობრივი ღონისძიებები არ გაიმართება არც საქართველოში, რომელმაც დსთ-ის შემადგენლობა დატოვა. საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 610 ადამიანს მიაღწია - ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა 22 მაისამდე გაგრძელდა.
უკრაინა გამარჯვების დღეს არ იზეიმებს - 9 მაისს ქვეყანაში ყველას კიდევ ერთხელ შეახსენებენ მეორე მსოფლიო ომის ტრაგედიის შესახებ. უკრაინას, სადაც კორონავირუსით დაავადებულია 13 184 ადამიანი, გამარჯვების დღესთან დაკავშირებით სურს იდეოლოგიურად ევროპას შეუერთდეს.
მასალა ღია წყაროებზე დაყრდნობით მომზადდა