თბილისი, 5 მაისი — Sputnik. საქართველოს პარლამენტში არჩევნები 31 ოქტომბერს ახალი სისტემით ჩატარდება, საგანგებო მდგომარეობის მიუხედავად, განაცხადა დეპუტატმა მმართველი პარტიიდან „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ ირაკლი კობახიძემ.
რას წერენ ქართული გაზეთები: საქართველოში კორონავირუსის მეორე ტალღა არ იქნება >>
საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, საპარლამენტო არჩევნები უნდა ჩატარებულიყო ოქტომბერში იმ სისტემის მიხედვით, რომლის შესახებაც სამთვიანი მოლაპარაკებების შემდეგ შეთანხმდნენ მმართველი პარტია და ოპოზიცია. თუმცა, კორონავირუსის პანდემიის და ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის შემოღების გამო, არჩევნებისათვის საკანონმდებლო ბაზის მომზადება განუსაზღვრელი ვადით გადაიდო.
„ჩვენ დაველოდებით მოვლენების განვითარებას და ვნახავთ, საჭირო იქნება თუ არა საგანგებო მდგომარეობის გაგრძელება. თუ არ გახდება საჭირო, ამ შემთხვევაში, ივნისის ბოლომდე საკონსტიტუციო ცვლილებების მიღება ესწრება. თუ ვადის გაგრძელება გახდა საჭირო, მაშინ საკონსტიტუციო ცვლილებების მიღება ივლისში დასრულდება და ესეც საკმარისი დროა იმისთვის, რომ ჩვენ სათანადოდ დავიწყოთ საარჩევნო კამპანია და 31 ოქტომბერს ჩავატაროთ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მმართველი პარტიის სხვა წარმომადგენელმა მამუკა მდინარაძემ არ გამორიცხა, რომ არჩევნების ჩატარების სისტემა კორონავირუსის გამო შეიძლება შეიცვალოს.
„მზად ვართ, რომ გავხსნათ მსჯელობა ამ საკითხთან დაკავშირებით, ვიმსჯელოთ ნებისმიერ თემაზე, რომელიც ხელს შეუწყობს, რომ არჩევნები დათქმულ თარიღში ჩატარდეს და მივიღოთ სპეციალისტების რჩევები. ასევე, მივაღებინოთ ამ მსჯელობაში მონაწილეობა როგორც ოპოზიციის, ისე არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს, რათა ჩვენ ოქტომბერში მივიდეთ მომზადებული გეგმით“, – განაცხადა მდინარაძემ.
ამავე დროს დღეისათვის დეპუტატმა არ გამორიცხა ელექტრონული არჩევნების ჩატარების შესაძლებლობა.
„ეჭვი მეპარება, რომ ჩვენ პრაქტიკულად შევძლოთ, ელექტრონული წესით არჩევნების ჩატარებისთვის შესაბამისი ბაზა შეიქმნას და ამ მოკლე პერიოდში მოესწროს, მაგრამ დანარჩენი, რაც შეეხება იმას, რომ რეგულაციებისა და შეზღუდვების თანხლებით და ექიმების რეკომენდაციების სრული დაცვით ჩატარდეს არჩევნები, ამასთან დაკავშირებით ნებისმიერ მოდელზე სამსჯელოდ მზად ვართ“,- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
პრობლემა კორონავირუსის გამო
მოქმედი შეზღუდვების თანახმად, რომლებიც საარჩევნო უბნებსაც შეიძლება შეეხოს, ერთ შენობაში ადამიანებს შორის მანძილი სულ მცირე 1,5 მეტრი უნდა იყოს, თანაც ყველას პირბადე უნდა ეკეთოს.
საგანგებო მდგომარეობა 2020 წლის არჩევნებისთვის მზადებას ვერ შეაფერხებს >>
იმავდროულად, არჩევნების დროს, საარჩევნო უბანზე, როგორც წესი, იმყოფება სულ მცირე კომისიის შვიდი წევრი, დამკვირვებლები პარტიებისა და არასამთავრობო ორგანიზაციებიდან, ჟურნალისტები, და თავად ამომრჩევლები.
ამრიგად, ერთ საკლასო ოთახის ზომის სივრცეში 20-დან 50 ადამიანამდე იმყოფება. ამავე დროს, დამკვირვებლების და პრესის არსებობა აუცილებელია თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩასატარებლად.
სწორედ ამიტომ, ხელისუფლებას და ექიმებს არჩევნების ჩასატარებლად საჭირო რეკომენდაციების შემუშავებისთვის დასჭირდებათ როგორც ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების, ასევე პარტიების თანხმობა.
კიდევ ერთი დაბრკოლება
დღეისათვის ქვეყანას მხოლოდ კონსტიტუციაში შესატანი ცვლილების პროექტი და საარჩევნო კოდექსში შესატანი შესწორებების გეგმა გააჩნია, რომლის თანახმად, 2020 წლის შემოდგომაზე არჩევნები ჩატარდება ახალი შერეული სისტემის შესაბამისად.
კერძოდ, 150 ადგილიდან 120 გადანაწილდება პარტიებს შორის, რომლებიც 1%-იან ბარიერს გადალახავენ, ან ბლოკებს შორის, რომლებიც, სულ მცირე, ხმების იმდენივე პროცენტს მიიღებენ, რამდენი სუბიექტიც შედის ამ ბლოკში. დანარჩენი ადგილები გადანაწილდება 30 ერთმანდატიან ოლქში გამარჯვებულებს შორის.
ყველაზე მეტი ოლქი იქნება თბილისში – რვა. დანარჩენი 22 განაწილდება 10 რეგიონზე.
არსებული სისტემისგან განსხვავებით, ადგილების გადანაწილება პარლამენტში პარტიებს შორის ახალი ფორმულით მოხდება, რომელიც ითვალისწინებს პროპორციული არჩევნების შედეგებზე ორიენტირებას.
ამ ფორმულით პარტია ან ბლოკი, ყველა მაჟორიტარულ ოლქში გამარჯვების შემთხვევაშიც კი, არჩევნების შედეგად მიიღებს იმაზე არაუმეტეს ერთი მეოთხედით მეტ მანდატს, ვიდრე მას პროპორციული არჩევნების შედეგად ეკუთვნის.
თუ არჩევნების შედეგების დათვლის შემდეგ პარტიას ან ბლოკს დაწესებულ ლიმიტზე მეტი მანდატი აღმოაჩნდება, მათ იმ პარტიებსა და ბლოკებს შორის გადაანაწილებენ, რომლებიც საარჩევნო ბარიერს გადალახავენ.
გარდა ამისა, პარლამენტმა უნდა შეცვალოს საქართველოს საარჩევნო კოდექსი კონსტიტუციის და ეუთოს მისიის რეკომენდაციების შესაბამისად.